გოჩა ჯამარაული - არ მგონია, კვარაცხელიაზე ამ აჟიოტაჟმა ცუდად იმოქმედოს #1TVSPORT
გოჩა ჯამარაული - არ მგონია, კვარაცხელიაზე ამ აჟიოტაჟმა ცუდად იმოქმედოს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელმა გოჩა ჯამარაულმა პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თუ როგორ შეიძლება მისი კარიერა განვითარდეს.

„ხვიჩამ გაგვაერთიანა მთელი საქართველო, ყველა „ნაპოლის“ თამაშს ველოდებით და იტალიაში თამაში დაიწყო არა კარგად, არამედ, ძალიან მაგრად. მთავარია, მწვრთნელთან ურთიერთობა არ გაიფუჭოს, 56-ე და მე-60 წუთზე რომ ცვლის. სპალეტიმ არ შეამჩნიოს, რომ უკმაყოფილოა. ამ ბიჭს ვიცნობ და მჯერა, ეს არ შეეშლება. სხვა მხრივ რა უნდა ვთქვა, ეს ფეხბურთია და იმის იმედი მაქვს, რომ ხვიჩა პროფესიონალი ადამიანია. ვიცი, რომ ბაზაზე ცხოვრობს და ფიქრობს მარტო ფეხბურთზე.  რომ არ ივარჯიშოს, თავში აუვარდეს ან რაღაც არაპროფესიონალურად მოიქცეს, ამ შეხთვევაში გამორიცხულია. ვფიქრობ, ხვიჩა უფრო მოუმატებს და უფრო მაგრად ითამაშებს. ახლა კარგი პრესა აქვს. შეიძლება, იყოს კრიტიკაც. ესეც გადასალახი იქნება, მაგრამ მგონია, რომ ფსიქოლოგიურადაც მზადაა, რომ ამას გაუძლოს. აწყენს თუ არა ამდენი შექება? ჟურნალისტის მოვალეობაა, კარად რომ ითამაშებს, ფეხბურთელი შეაქოს და თუ ვერ ითამაშებს, გააკრიტიკოს. ფეხბურთელის მოვალეობაა – შეინარჩუნოს ფორმა. და თუ ცუდად ითამაშებს, მოუსმინოს ჟურნალისტს, გაანილიზოს და შემდეგ უკეთ ითამაშოს.

1981 წლის „დინამო“ მაგრად თამაშობდა და გულშემატკივარს ან ჟურნალისტებს რა უნდა ეთქვათ, ცუდად თამაშობსო? მე ამ აჟიოტაჟში არანაირ საშიშროებას არ ვხედავ. ეს ბუნებრივია. შესაძლოა, ასაკიდან გამომდინარე თქვა სანიოლმა, რომ ეს აჟიოტაჟი მადარდებსო. ევროპულ სპორტში მგლური კანონებია და 20 თამაში მაგრად რომ ითამაშოს და ერთი ჩააგდოს, შესაძლოა, სკამზე დასვავან. მით უფრო „ნაპოლიში“, რომელიც ჩემი საყვარელი კლუბია, რადგან იქ თამაშობდა მარადონა, ჩემთვის კი დიეგო და პელე ფეხბურთში ყველაფერი არიან. ხვიჩა ამას ვერ გაექცევა და ამისთვის უნდა იყოს მზად.  თამაშის ჩაგდებაზე გააკრიტიკებენ, მაგრამ რომ ვუყურებ, ფსიქოლოგიურად ძლიერია.

ხვიჩა დიდ ბრძოლაშია და როცა შესაქებია, უნდა შევაქოთ. 56-ე წუთზე რომ ცვლიან, დარწმუნებული ვარ, გუნდში ექიმი ამოწმებს, რომ არ გადაიწვას და ზედმეტი არ მოუვიდეს. გამოფიტული მოთამაშის ფორმაში შესვლა უფრო ძნელია. სხვათა შორის, გამოცდილი მოთამაშესავით იქცევა და იმასაც ვერ ვიტყვი, რომ სადაც საჭირო არაა, იქ მატაობს. სადაც პასია მისაცემი, ამასაც დროულად აკეთებს. ჩამოყალიბებული ფეხბურთელის შთაბეჭდილებას ტოვებს. შემდეგ კიდევ უფრო მეტი ჯანი მოუვა და დარწმუნებული ვარ, ასმაგად უკეთესი იქნება. ყველა თამაშს მაღალ დონეზე ვერ ჩაატარებს, მაგრამ ახლა კარგად თამაშობს“, – ამბობს გოჩა ჯამარაული.

უცხო ქვეყანაში ქართველისადმი ასეთი სიყვარული ძალიან სასიხარულოა – ლოჩოშვილმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიასადმი დამოკიდებულებაზე საინტერესო ისტორიებს გვიამბობს „კრემონეზესა“ და საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი.

„კვარაცხელია? მისი სახელი არა მხოლოდ კრემონეზეში, იტალიაშიც უკვე ყველამ იცის. თავიდან ხვიჩას გვარის წარმოთქმა პრობლემა იყო, მაგრამ თამაშიდან გამომდინარე ხალხს თავი გააცნო და ახლა მის გვარსაც სწორად გამოთქვამენ.  ხვიჩა შესანიშნავი ფეხბურთელი და პიროვნებაა. სხვათა შორის, ფეხბურთელები მეკითხებიან, თუ ვმეგობრობ და თუ მაქვს ურთიერთობა – ყველას ძალიან მოსწონს, ყველა ძალიან დადებითადაა განწყობილი და ამბობენ, რომ ძალიან მაღალი დონის მოთამაშეა. ძალიან სასიხარულოა, როდესაც უცხო ქვეყანაში ხარ და ქართველ ფეხბურთელზე ასეთი გამოხმაურებაა, ასეთი სიყვარული რომ იგრძნობა. მინდა, რომ ხვიჩას მხოლოდ წარმატებები ვუსურვო. უპირველესად, ჩემი მეგობარია და ვფიქრობ, რომ მისი სახით საქართველოს ძალიან დიდი ვარსკვლავი გვყავს“.