goalpoint.pt - გიორგი ჩაკვეტაძე, რთული სახელის და დიდი ნიჭის მქონე ფეხბურთელი [ვიდეო]
goalpoint.pt - გიორგი ჩაკვეტაძე, რთული სახელის და დიდი ნიჭის მქონე ფეხბურთელი [ვიდეო]

პოპულარული პორტუგალიური სპორტული ვებ-გვერდის, goalpoint.pt-ს ჟურნალისტმა, ტიაგო ესტევაომ, გიორგი ჩაკვეტაძეს ვრცელი სტატია მიუძღვნა. სტატიის თარგმანს პირველი არხი გთავაზობთ –

ჩაკვეტაძე. ჩ-ა-კ-ვ-ე-ტ-ა-ძ-ე. გიორგი ჩაკვეტაძე. სახელი არ არის ადვილი გამოსათქმელი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომდევნო წლებში არაერთგზის მოგვიწევს მისი ხსენება.

ახალგაზრდა მხოლოდ 19 წლისაა –  ის 1999 წლის აგვისტოში დაიბადა და ბელგიურ ლიგაში უკვე ყველას დაუმტკიცა, რომ ეს ტურნირი ახალგაზრდა ტალანტებისთვის „ნაყოფიერი ნიადაგია“. ქართველის ღირებულება 1.5 მილიონ ევროს შეადგენს. სეზონის დასაწყისიდან მან პროფესიონალურ ლიგაში უკვე 1000 წუთი ითამაშა (უფრო მეტი ვიდრე შარშან) და საქართველოს ნაკრების ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა. გიორგი ძალიან ახალგაზრდაა და ეს მისი პირველი სერიოზული სეზონია მაღალი დონის ჩემპიონატში, მაგრამ იმდენად შთამბეჭდავად გამოიყურება, რომ „გენტთან“ 2020 წლამდე დადებული კონტრაქტი დიდხანს ვერ დარჩება ძალაში.

ჩაკვეტაძე შემტევი ნახევარმცველია, რომელიც ძირითადად მარცხენა ფლანგზე თამაშობს. ის ნამდვილი „შვეიცარიული არმიის დანაა“ და აქვს ყველაფერი, რაც მის გუნდს წარმატების მიღწევისთვის სჭირდება. ფეხბურთელი მომენტების შემქმნელადაა დაბადებული.

გიორგი, მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლით 1.83 მეტრია, ძალიან მოქნილია და სწრაფია. ქართველი ზუსტად ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია საკუთარი გუნდის წარმატება განაპირობოს.

წელს მის ანგარიშზე უკვე შვიდი გოლია. ოთხი მათგანი „გენტის“ შემადგენლობაში გაიტანა, სამი კი ნაკრებში. ეს შედეგი არავის გაუკვირდება, ვინც მის თამაშებს ადევნებს თვალს – ჩაკვეტაძე 90 წუთში 2.1 დარტყმას ასრულებს მეტოქის კარისკენ. ამათგან 1.2 პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს. მას დარტყმის ძალიან მაღალი ეფექტურობა აქვს – 54%, ხოლო საჯარიმოს გარედან – 27%. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ „ერთა ლიგის“ ისტორიაში გატანილი პირველი გოლი სწორედ მას ეკუთვნის.


მის თამაშში სისუსტეებიც შეინიშნება – ის დაცვაში ჯერ-ჯერობით არ არის ისეთი ეფექტური, თუმცა ეს ბუნებრივია, რადგან ფეხბურთელი მხოლოდ 19 წლისაა. ჩაკვეტაძეს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ მასზე არჩევანი დიდმა კლუბმა შეაჩეროს.