გლოვერ ტეიშეირას კორონავირუსი აქვს - სანტოსთან ბრძოლის თარიღი შეიცვალა
გლოვერ ტეიშეირას კორონავირუსი აქვს - სანტოსთან ბრძოლის თარიღი შეიცვალა

12 სექტემბერს აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ნახევრად მძიმე წონითი კატეგორიის დივიზიონში საინტერესო ბრძოლა იყო ჩანიშნული. სატიტულე ბრძოლის ყოფილი მონაწილე, ვეტერანი გლოვერ ტეიშეირა თანამემამულე ტიაგო სანტოსს უნდა შეხვედროდა. თუმცა, როგორც დღეს გახდა ცნობილი, 40 წლის ვეტერანს კორონავირუსი დაუდასტურდა და ორგანიზაციამ ბრძოლის თარიღი შეცვალა – 12 სექტემბრის ნაცვლად დაპირისპირება სამ ოქტომბერს შედგება.

ამავე „ქარდზე“ ჰოლი ჰოლმი ირენ ალდანას წინააღმდეგ იბრძოლებს. მიშელ ვოტერსონის მეტოქე კი ანჯელა ჰილი იქნება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი ბრძოლა იქნება ღონისძიების მთავარი დაპირისპირება.

გლოვერ ტეიშერას ბოლო ოთხი ბრძოლა აქვს მოგებული. ბოლო დაპირისპირებაში მან ენტონი სმიტი დაამარცხა. რაც შეეხება ტიაგო სანტოსს, ბრაზილიელმა ჯონ ჯონსთან ღირსეული მარცხის შემდეგ მუხლზე ოპერაცია გადაიტანა და რეაბილიტაციის ეტაპი სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა.