გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების საქმეს ინსპექტორის სამსახური იძიებს
გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების საქმეს ინსპექტორის სამსახური იძიებს

გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს.

„32 წლის მსჯავრდებული ე.გ. N8 პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლდა 30.07.2021-ში სსსკ 19-260-ე მუხლის III, V ნაწილებით, 260-ე მუხლის III, VI ნაწილებით და განესაზღვრა ცხრა წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს დაწესებულებაში შემოსვლისას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება, ანტიტუბერკულოზური სკრინინგი და „კოვიდ-19“-ის ინფექციაზე ანტიგენ სწრაფი ტესტი. პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ე.გ.-ს ჩაუტარდა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია „ფაიზერის“ ორი დოზით. 18.08.2021-ში მსჯავრდებულს ჩაუტარდა ოჯახის ექიმის კონსულტაცია და რაიმე ჩივილი არ წარმოუდგენია. 19.11.2021-ში ოჯახის ექიმმა განიხილა უკრაინულ ენაზე 2006-2010 წლებში არსებული მსჯავრდებულის სამედიცინო დოკუმენტაცია, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ე.გ.-ს დადგენილი ჰქონდა პერინატალური ენცეფალოპათიის ნარჩენი მოვლენები. ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის სინდრომი.
24.11.2021-ში, დაახლოებით 07:05 საათზე მორიგე ექიმმა დააფიქსირა საწოლში ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც გასინჯვით მაგისტრალურ და პერიფერიულ სისხლძარღვებზე პულსაცია არ აღენიშნებოდა. არ ისმინებოდა გულის ტონები და სუნთქვა, ასევე, გუგის რეაქცია სინათლეზე იყო უარყოფითი. გარეგნული დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა. რეანიმაციული ღონისძიებების პარალელურად, გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც დააფიქსირა გარდაცვალების ფაქტი.

მსჯავრდებულის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა“, – განაცხადეს პენიტენციურ სამსახურში.

ამასთან, პატიმრის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების დაწყების შესახებ საუბრობენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.

„24 ნოემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურის მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე, რამაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები (მათ შორის, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, სამედიცინო ექსპერტიზა, მოწმეთა გამოკითხვა და სხვა)“, – აცხადებენ ინსპექტორის სამსახურში.