გლაზგოს „სელტიკმა“ თავისი საუკეთესო ტალანტი „არსენალში“ გაუშვა
გლაზგოს „სელტიკმა“ თავისი საუკეთესო ტალანტი „არსენალში“ გაუშვა

გლაზგოს „სელტიკი“ და ლონდონის „არსენალი“ კირან ტირნის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონელები შოტლანდიური გუნდის 22 წლის ნახევარმცველში 25 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაიხდიან (27.1 მილიონი ევრო).

ტირნი ახლა ლონდონში იმყოფება და ახალ გუნდთან პირად დეტალებს ათანხმებს. „სელტიკის“ შემადგენლობაში მან ბოლო მატჩი 4 მაისს ჩაატარა, რისი მიზეზიც ტრავმა გახდა.

რუმინული „კლუჟის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩის დასრულების შემდეგ (1-1), „სელტიკის“ მთავარმა მწვრთნელმა ნილ ლენონმა შემდეგი განაცხადა:

„მე არაფერი ვიცი. რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ არ გამიკვირდებოდა, თუ „არსენალი“ კირანისთვის კიდევ დაბრუნდებოდა. თუ წავა, წავა და ყველანი საუკეთესოს ვუსურვებთ. ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი და არაჩვეულებრივი ადამიანია“.

ტირნიმ, რომელმაც წელს, ტრავმის გამო, მხოლოდ ცხრა მატჩში მიიღო მონაწილეობა, „სელტიკთან“ ერთად ოთხჯერ მოიგო შოტლანდიის პრემიერლიგა, ორჯერ – შოტლანდიის თასი და ორჯერ – ლიგის თასი.