გიზი მამაგეიშვილი - საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს #1TVSPORT
გიზი მამაგეიშვილი - საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშეებმა, გიზი მამაგეიშვილმა და დავით გოცირიძემ ანტალიაში ფინეთის ნაკრებთან მოგებულ (4:2) შეხვედრაზე კომენტარი გააკეთეს.

გიზი მამაგეიშვილი – „რა თქმა უნდა, თამაშს დადებითად შევაფასებ, რადგან მოვიგეთ. ამავე დროს შეკრებაზე კომბინაციები დავამუშავეთ და ვფიქრობ, ეს ყველაფერი ძალიან ხარისხიანად განვახორციელეთ.

პირველ ტაიმში დავმარცხდით, მაგრამ სასიამოვნო იყო, რომ ხასიათი გამოვავლნეთ და მეორე ტაიმში უკეთესად ვითამაშეთ. ძალიან სასიამოვნოა, რომ ისეთ ძლიერ მეტოქესთან მოვიგეთ, როგორიც ფინეთია. ახლა უკვე მომდევნო თამაშისთვის მოვემზადებით

თამაშის ხარისხი სულ უფრო უმჯობესდება და კიდევ მეტი შეგვიძლია. ამ ნაკრებს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს და ვფიქრობ, ის მწვერვალი, რომლის მიღწევაც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს შეუძლია, ევროპის ჩემპიონატზე უნდა ვაჩვენოთ“.

დავით გოცირიძე – „მოხარული ვარ, რომ უფრო მეტი სათამაშო დრო მომეცა და გამარჯვებაში ჩემი წვლილიც შევიტანე. ფინეთის ნაკრები ძლიერი მეტოქეა და მასთან მოგება სასიამოვნოა. იმედია, მომავალში უფრო მეტ დროს მივიღებ და ამ შანსებს გამოვიყენებ“.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ანტალიაში მეორე ამხანაგურ შეხვედრას 25 მარტს სერბეთის 21-წლამდელებთან გამართავს და ამით მოსამზადებელ შეკრებას დაასრულებს.