გიზი მამაგეიშვილი – იმედია, გულშემატკივარი მოვა და „მალმესთან“ წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება #1TVSPORT
თბილისის „იბერიის“ კაპიტანი გიზი მამაგეიშვილი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ლევან კორღალიძესთან ერთად იმყოფებოდა და შვედურ „მალმესთან“ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილება? ეს უკვე წარსულია. ახლა ევროტურნირის მატჩებზე ვარ კონცენტრირებული. როგორ მოვემზადეთ – ეს ხვალინდელ შეხვედრაში გამოჩნდება.
ბიჭებისგან ვიცი, რომ ძალიან კარგი მოსამზადებელი ეტაპი ჰქონდათ. მართალია, შეკრებაზე არ ვყოფილვარ, მაგრამ ვხედავ, როგორ აისახა ეს გუნდზე. ვფიქრობ, დიდი პროგრესი გველის და თამაშსაც კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ.
„მალმეს“ ისეთი გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს, როგორიც ჩვენს შარშანდელ მეტოქეს, თურქულ „ბაშაქშექირს“ – მათ შემადგენლობაში რამდენიმე ძლიერი ინდივიდუალისტი იყო. თუმცა ახლაც ძლიერ გუნდს ვეთამაშებით და ვიცით, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს.
რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, ცოტა უფრო სუსტი მეტოქე შეგვხვედროდა, მაგრამ „მალმესთანაც“ არანაკლები მოტივაცია გვაქვს. იმედია, გულშემატკივარი მოვა და წარმატებაში დაგვეხმარება“, – განაცხადა მამაგეიშვილმა.
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „იბერია“ შვედეთის ჩემპიონ „მალმეს“ 8 ივლისს, 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.