გიზი მამაგეიშვილი – ძალიან გვინდა, რომ პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრები გავახაროთ #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და თბილისის „იბერიის“ ნახევარმცველმა, გიზი მამაგეიშვილმა ევრო 2025-ზე პორტუგალიასთან მოახლოებულ შეხვედრასა და გუნდში არსებულ განწყობაზე ისაუბრა.
„საფრანგეთთან მატჩი ემოციურად ძალიან მძაფრი გამოვიდა — ბოლოს გოლი ორჯერ გადამოწმდა და ამან თამაშის შემდეგ კიდევ უფრო მძიმე შეგრძნებები დაგვიტოვა. თუმცა უკვე დავივიწყეთ და ახლა პორტუგალიასთან თამაშზე ვფიქრობთ.
ფრანგებთან მატჩის გარდამტეხი მომენტი, ალბათ მათ მიერ 2:1-ზე ანგარიშის გათანაბრება იყო. გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გავდიოდით და ამ გოლმა პირველობის შანსი წაგვართვა. უიმედო მდგომარეობაში არ ვართ — პირიქით, კარგი განწყობით ვემზადებით და ვფიქრობ, მატჩისთვის მზად ვიქნებით.
პორტუგალიასთან ევრო 2023-ზე მოპოვებული გამარჯვება ფსიქოლოგიურად დაგვეხმარება? ვფიქრობ, ნამდვილად დაგვეხმარება, რადგან ის აზრი, რომ შეუძლებელი არაფერია, ფაქტებით მტკიცდება. არ მინდა, ვთქვა, რომ ეს ფაქტი საქმეს გვიმარტივებს, მაგრამ გვაიმედებს.
ძალიან გვინდა, რომ პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრები გავახაროთ“, – განაცხადა გიზი მამაგეიშვილმა.