გივი მიქანაძე - შემოდგომაზე ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა
გივი მიქანაძე - შემოდგომაზე ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა

შემოდგომაზე ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარე, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და თანმხლები დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა, – პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში, ინიციატივა დააყენეს, რომ საქართველოში ვიზიტის დროს ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობისა და პარტნიორობის მემორანდუმს მოეწეროს ხელი.

„ამ შეხვედრაზე მხარეებს შორის გაიცვალა ინფორმაცია მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებზე და იმ პოლიტიკურ რეალობებზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებშია. ასევე, განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და დაახლოვდეს, სწორედ ამ მიზნით, საქართველოს პარლამენტმაც და ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტმაც შექმნეს მეგობრობის ჯგუფები, რომლის ფორმატშიც მე მქონდა შესაძლებლობა, ამ ვიზიტის ფარგლებში, ერთი-ერთზე, პირისპირ შევხვედროდი ჩემს კოლეგას ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტიდან. ჩვენ დავისახეთ გეგმები, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარე, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და თანხმლები დელეგაცია საქართველოს ეწვევიან ოფიციალური ვიზიტით.

ამავდროულად, პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში, ჩვენ დავაყენეთ ინიციატივა, რომ საქართველოში მისი ვიზიტის დროს ხელი მოეწეროს ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობისა და პარტნიორობის მემორანდუმს, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა. მან თქვა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოები კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს და უფრო ინტენსიური გახდეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის კომუნიკაცია და ამ ვიზიტის განხორციელებამდე, მეგობრობის ჯგუფები ინტენსიურად იმუშავებენ ამ დოკუმენტის საბოლოო ტექსტის მოსამზადებლად და პოზიციების შესაჯერებლად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წელს, როდესაც ეს ვიზიტი განხორციელდება, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის თვალსაზრისით და განსაკუთრებით საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განსავითარებლად, აუცილებლად ეს დოკუმენტი იქნება ხელმოწერილი, რაც შესაძლებელს გახდის, რომ ორ ქვეყანას შორის საკანონმდებლო დონეზე კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს თანამშრომლობა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, გაიმართა შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელ დეპუტატებთან.