გივი მიქანაძე - ნიკა მელია ძალიან მძიმე სიტუაციაშია, მიხვდა, რომ არის მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარი
„ქართული ოცნების“ დეპუტატი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილმა, რომელიც შეუერთდა შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს და შევიდა პარლამენტში, მიიღო გადაწყვეტილება, ამნისტიის კანონპროექტის თავისებური ინტერპრეტაცია წარედგინა, რასაც ისინი არ დაეთანხმნენ.
„ჩვენ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს არა მარტო იმ ადამიანების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, რომლებიც შტურმით ცდილობდნენ შემოჭრას, არამედ იმ პოლიციელების, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს გამოძიება უფლებამოსილების გადამეტებასთან მიმართებაში. ეს ბევრად მსუბუქი ბრალდებაა, ვიდრე ის ბრალდება, რომელიც მაგალითად, ნიკანორ მელიას აქვს წაყენებული. მიუხედავად ამისა, ავიღეთ ეს პასუხისმგებლობა, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოხდეს 2019 წლის ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული გვერდის გადაფურცვლა, რომ ეს საკითხები უკვე საგამოძიებო კონტექსტში აღარ იყოს განხილული; მივიღოთ ამის თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება, რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები მიესალმებიან და ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი ძირითადი აქცენტები გადავიტანოთ ოპოზიციასთან ერთად ქვეყნის, საზოგადოების კეთილდღეობასა და განვითარებაზე.
ბევრ მიმართულებაში კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციების თანხვედრა სამუშაო ჯგუფის ფორმატშივე გამოიკვეთა, თუმცა იყო რამდენიმე პრინციპული ელემენტი, რომელსაც ოპოზიცის მხრიდან თავისებური ინტერპრეტაცია მიეცა და ეს ამნისტიაც ცალმხრივად ვერ გავრცელდება; ამ ამნისტიამ უნდა დაასრულოს საკითხი, რომელიც 2019 წლის ივნისის მოვლენებთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია სწორ ინტერპრეტაციას თუ მისცემს შარლ მიშელის დოკუმენტში მოცემულ შინაარსს, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან ის კანონპროექტი, რომელიც უმრავლესობამ დაარეგისტრირა, სწორად იქნება აღქმული და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ საბოლოო ჯამში, მათი მხარდაჭერაც ექნება ამ კანონპროექტს განხილვების სტადიაზე“, – განაცხადა მიქანაძემ.
ამასთან, მიქანაძემ კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საკითხზეც.
„ნიკა მელია აუცილებლად დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას, ამაზე მისი თანხმობა თუ იქნება. ამისი ორი გზა არსებობს, მიმდინარე საგამოძიებო პროცესში ეს არის გირაოს გადახდა, ხოლო საბოლოო ჯამში მას რა სტატუსიც უნდა ჰქონდეს, ის განთავისუფლებული იქნება პასუხისმგებლობისგან იმ ამნისტიის კანონით, რომლის პროექტიც დავაინიცირეთ და რომლის მიღებაც აუცილებლად მოხდება.
რაც შეეხება იმ განცხადებებს, რაც მელიას ადვოკატებმა წარუდგინეს საზოგადოებას, ჩვენ გვესმის, რომ ნიკა მელია ძალიან მძიმე სიტუაციაშია, მას ის გეგმა, რაც არსებობდა მის გმირად გამოცხადებასთან დაკავშირებით, ჩაეშალა, ვერ განხორციელდა. ნიკა მელია მიხვდა, რომ ის არის ერთი ადამიანის, კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარი, მის მიერ გახლართულ ქსელში გაება და რეალურად, ეს ადამიანი ცდილობს ახლა, რომ რაღაცნაირად სახე შეინარჩუნოს, ისევ დაუბრუნდეს საზოგადოებას. ეს უკვე მისი გადასაწყვეტი არის, თუ როგორი ფორმით დაბრუნდება და აქედან გამომდინარე, მეტ სიღრმეში განხილვას ეს საკითხი არ საჭიროებს. საზოგადოება ხედავს, რომ მისი პარტია არის რადიკალურად განწყობილი, ქვეყანაზე და საზოგადოებაზე არ ფიქრობს; დღემდე არ შემოუერთდა შარლ მიშელის დოკუმენტს; ხედავენ, რომ არსებობს სხვადასხვა მექანიზმები და „ქართული ოცნება“ თავის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს, მიუხედავად ამისა, მათი მხრიდან კვლავაც დესტრუქციული მიდგომაა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ამ ოპოზიციური ძალის მთავარი დღის წესრიგი არის კრიმინალების ბედი და არა ქვეყნისა და საზოგადოების ბედი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.