გივი მიქანაძე - ევროკომისიის ანგარიში ასახავს ჩვენს კიდევ უფრო დაახლოებას ევროკავშირთან, რამაც უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, 2024 წელს მისი წევრობის განაცხადი გავაკეთოთ
გივი მიქანაძე - ევროკომისიის ანგარიში ასახავს ჩვენს კიდევ უფრო დაახლოებას ევროკავშირთან, რამაც უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, 2024 წელს მისი წევრობის განაცხადი გავაკეთოთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის თქმით, ევროკომისიის ანგარიში ცხადად აჩვენებს, რომ საქართველო პირნათლად ასრულებს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

„გვაქვს ძალიან ბევრი მიმართულებით პროგრესი. მიუხედავად კოვიდ პანდემიისა, საქართველო აგრძელებს იმ რეფორმების გატარებას, რომლის ვალდებულებაც აღებული აქვს“, – აცხადებს მიქნაძე.

მიქანაძის თქმით, ანგარიშში განსაკუთრებით არის ხაზგასმული, რომ საქართველოს კანონმდებლობა კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროკავშირის კანონმდებლობას.

„ეს არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენი ინტეგრაციისა და იმ მიზნის მისაღწევად, რაც 2024 წელს განაცხადის გაკეთებასთან არის დაკავშირებული. ასევე აღიარებულია, რომ სხვადასხვა სფეროებში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი, ეს იქნება ადამიანის უფლებები, შრომის უსაფრთხოება, ამ კუთხით დაიხვეწა როგორც კანონმდებლობა, ასევე პრაქტიკული განხორციელება. განათლების სფეროში „ერასმუს პლუს“ პროგრამაში საქართველო დასახელებულია ათ მოწინავე ქვეყანას შორის. ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით, ძალიან წარმატებულები ვართ. უამრავი მიმართულებაა, რომელიც ამ ანგარიშში აშკარად ცხადყოფს იმას, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული რეფორმატორი და წამყვანი ქვეყანა სამეზობლო პოლიტიკაში იმ კუთხით, რომ ასოცირების შეთანხმება ძალიან წარმატებულად ხორციელდება. აქვე აღნიშნულია ანგარიშში ის პროგრესი, რაც დაკავშირებულია საარჩევნო სისტემის შეცვლასთან, რომ ფაქტობრივად, 2020 წლის არჩევნები თითქმის პროპორციულ სისტემაზე გადავიდა ქვეყანა და 2024 წლისთვის უკვე აპირებს სრულიად პროპორციულ სისტემის კონტექსტში ჩაატაროს საპარლამენტო არჩევნები. ასევე ამ ანგარიშში კიდევ ერთხელ დადასტურებული და ხაზგასმულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, ძირითადი თავისუფლებები იყო უზრუნველყოფილი ამ არჩევნების პროცესში.

საქართველოსთვის ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ანგარიში, რადგან ამით, როგორც ჩვენს მოსახლეობას, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიეწოდა მტკიცებულებითი ფორმით ის მოცემულობა, რეალობა, რომელიც ასახავს საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას, კიდევ უფრო დაახლოებას ევროკავშირთან; იმ რეალური შექმნას, რომელმაც უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, 2024 წელს სრულფასოვანი განაცხადი გავაკეთოთ საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

9 თებერვალს ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში გამოაქვეყნეს ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2020 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, რომელიც დეტალურად ასახავს ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს მთელი რიგი მიმართულებებით.