გიუმრიში რუსი სამხედროს მკვლელობაში ბრალდებულს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
გიუმრიში რუსი სამხედროს მკვლელობაში ბრალდებულს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

სომხეთის ქალაქ გიუმრიში რუსულ სამხედრო ბაზაზე მომსახურე სამხედროს მკვლელობაში ბრალდებულს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ასეთი გადაწყვეტილება შირაკის სასამართლომ მიიღო.

არმან ჯანჯუგაზიანი დამნაშავედ ცნეს ორი მუხლით – ეროვნული, რასობრივი ან რელიგიური სიძულვილის ანდა რელიგიური ფანატიზმის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობა და ცივი იარაღის უკანონო ტარება.

21 წლის სამხედრო დიმიტრი იალპაევის ცხედარი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით 2017 წლის 22 აპრილს გიუმრის ერთ-ერთ მაღაზიასთან აღმოაჩინეს. გამოძიების მონაცემებით, 20 წლის ჯანჯუგაზიანმა მკვლელობა დაუდგენელი პირების დახმარებით ჩაიდინა, რომლებიც საკუთარ თავს ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერებს უწოდებდნენ.

როგორც სააგენტო „ინტერფაქსი“ წერდა, ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერია. ამასთან, გამოძიება აცხადებდა, რომ დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს.