გიორგი ზარია ყაზახეთის ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველია #1TVSPORT
გიორგი ზარია ყაზახეთის ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველია #1TVSPORT

გიორგი ზარიამ კიდევ ერთი ჯილდო მიიღო – ალმათის „ქაირათის“ ქართველი ნახევარმცველი ყაზახეთის ჩემპიონატის 2024 წლის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველად აღიარეს.

ზარიასთვის დასრულებული სეზონი გამორჩეული გამოდგა. ჯერ გამოცემა sports.kz-მა ყაზახეთის ჩემპიონატის საუკეთესო ახალწვეულად აღიარა, ახლა კი შესანიშნავი შედეგიანობისა და ეფექტური თამაშის გამო საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელეს.

განვლილ სეზონში 28 წლის ნახევარმცველმა, თანაგუნდელ გიორგი გადრანთან ერთად, „ქაირათის“ ჩემპიონობაში სოლიდური როლი ითამაშა – ალმათელებმა 39 გოლი გაიტანეს, მათგან 16-ში (41%) ზარია მონაწილეობდა – გიორგიმ ყაზახეთის პრემიერლიგაში ჩატარებულ 30 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ზარიას კიდევ ერთი ჯილდოს მიღების შანსი აქვს. ის 2024 წლის სეზონის საუკეთესო გოლის ნომინაციაშია წარდგენილი – ხმის მიცემა 22 დეკემბრამდე, თბილისის დროით 16:00 საათამდე გაგრძელდება.

საინტერესო ფაქტია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გიორგი ზარია ოთხჯერ გახდა ჩემპიონი – აქამდე მან ტიტულები „დინამო თბილისისა“ და ბათუმის „დინამოს“ შემადგენლობაში მოიპოვა.