გიორგი ზარია - ეროვნული ნაკრებში გამოძახება უდიდესი ემოციაა #1TVSPORT
გიორგი ზარია - ეროვნული ნაკრებში გამოძახება უდიდესი ემოციაა #1TVSPORT

გიორგი ზარიამ საქართველოს პირველ არხთან ეროვნული საფეხბურთო ნაკრებში გამოძახებაზე კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნები“ სექტემბრის მატჩებისთვის მზადებას 30 აგვისტოს იწყებენ.

გუნდში იძულებითი ცვლილება ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელის, გიორგი ფანცულაიას ტრავმამ გამოიწვია, რის გამოც ეროვნული ნაკრებში პირველად გამოძახებული თავდამსხმელი შეკრებაზე ვერ გამოცხადდება. 27 წლის თავდამსხმელს მისივე თანაკლუბელი გიორგი ზარია შეცვლის. 24 წლის შემტევი ნახევარმცველი საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი დებიუტანტია.

„ეს ისეთი ემოციაა, რომელსაც ვერც აღვწერ. ყველა ფეხბურთელის ოცნება ეროვნულ ნაკრებში თამაშია და გამოძახებით ამის შანსი მომეცა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია და ამავე დროს, პასუხისმგებლობაცაა“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიორგი ზარია.

გიორგიმ კარიერა კარგად დაიწყო, მაგრამ, 2019 წელს ტრავმის გამო პრობლემა შეექმნა, რომლის დაძლევაც ახლა მოახერხა.

„ჯვარედინი იოგების დაწყვეტის გამო 9 თვე გამიცდა და ტრავმის შემდეგ ფორმის სწრაფად აღდგენა რთულია. ეს პერიოდი არანაკლებ რთული გადასატანი ფსიქოლოგიურად არის, გინდა სწრაფად შეხვიდე სასურველ კონდიციაში, მაგრამ ამას დრო სჭირდება, ფეხი ისე არ გემორჩილება და ეს დისკომფორტს გიქმნის. ალბათ, ამ ტრავმამ 2 წლით უკან დამხია. მაგრამ შრომამ და მონდომებამ მაინც თავისი შედეგი მოიტანა და მიხარია, რომ ახლა ნაკრების შეკრებაზე მიმიწვიეს“, – აცხადებს ბათუმის „დინამოს“ შემტევი ნახევარმცველი.

შეგახსენებთ, რომ სიის გამოცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარებოდა, რომელიც ოდესის „ჩერნომორეცის“ შემტევმა გიორგი წიტაიშვილმა შეცვლა.

საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან, ესპანეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის შავიზღვისპირეთში 26 ფეხბურთელით მოემზადება. სამივე მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.