გიორგი წიტაიშვილს კიევის „დინამოში“ დაბრუნება არ სურს და ფიფა-ს ოფიციალურ გადაწყვეტილებას ელოდება #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, გიორგი წიტაიშვილს კიევის „დინამოში“ დაბრუნება არ სურს, იმის მიუხედავად, რომ პირველ ივლისს ამოიწურა ფიფა-ს დროებითი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, უკრაინული კლუბების ლეგიონერებს შეეძლოთ დამოუკიდებლად იჯარით სხვა გუნდებში გადასვლა, – ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Sport-ი ავრცელებს.
„პირველ ივლისს ამოიწურა ფიფა-ს დროებითი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, უკრაინული კლუბების ლეგიონერებს შეეძლოთ დამოუკიდებლად იჯარით სხვა გუნდებში გადასვლა.
ეს წესი ეხებოდა იმ ფეხბურთელებს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დროს უკვე მოქმედი კონტრაქტებით იყვნენ უკრაინულ კლუბებში. მოსალოდნელი იყო, რომ ფიფა წესს ივნისში გაახანგრძლივებდა, თუმცა ამ დროისთვის ორგანიზაციას ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რეგულაციის ვადა ამოიწურა, ლეგიონერები ვალდებულნი არიან, დაუბრუნდნენ უკრაინულ კლუბებს და აღარ აქვთ უფლება, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება იჯარის შესახებ.
რამირესისა და წიტაიშვილის კონტრაქტები კიევის „დინამოსთან“ 2026 წლის ივნისში იწურება. ვიტინიო და ლონვეიკი კი კლუბთან ხელშეკრულებით კიდევ ორი წლით არიან კლუბთან დაკავშირებულები, ხოლო რამადანი თავისუფალი აგენტი 2028 წელს გახდება.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილიური „ინტერნასიონალი“ არ აპირებს ვიტინიოს უკრაინაში დაბრუნებას — კლუბი დარწმუნებულია, რომ ფიფა უახლოეს მომავალში გაახანგრძლივებს იჯარის შესახებ რეგულაციების მოქმედების ვადას“, – წერს გამოცემა Sport-ი.
წყაროს ცნობით, კიევის „დინამოს“ ხუთი ლეგიონერი უნდა დაუბრუნდეს: გიორგი წიტაიშვილი („გრანადა“, ესპანეთი), ვიტინიო („ინტერნასიონალი“, ბრაზილია), ჯასტინ ლონვეიკი („ვიბორგი“, დანია), რეშატ რამადანი („შკენდია“, ჩრდ. მაკედონია) და ერიკ რამირესი („ტიგრე“, არგენტინა).