გიორგი წიტაიშვილმა „ტულუზას“ წინააღმდეგ საგოლე გადაცემა შეასრულა, გიორგი აბუაშვილმა გოლი გაიტანა #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილმა ფრანგულ კარიერაში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა „მეცისთვის“, რომელიც საკუთარ სტადიონზე „ტულუზასთან“ 3:4 დამარცხდა.
გიორგი ქვილითაია მცირე ტრავმის გამო განაცხადში არ იყო. „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში ქართველებიდან მხოლოდ წიტაიშვილი თამაშობდა, გიორგი აბუაშვილი კი 71-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა და ორივემ მატჩში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
30-ე წუთზე, როდესაც „ტულუზა“ 2:0-ს იგებდა, გიორგი წიტაიშვილის გადაცემის შემდეგ ნათან მბალამ ანგარიში შეამცირა. ერთ წუთში, კვლავ წიტაიშვილის პასის შემდეგ წონასწორობა კოფი კუაომ აღადგინა, თუმცა ბურთი მცველს შეეხო და ასისტი ოფიციალურად არ ჩაეწერა.
89-ე წუთზე აბუაშვილმა სტუმართა კარი მესამედ აიღო, თუმცა „ტულუზამ“ დამატებულ დროში მეოთხე გოლიც გაიტანა და გამარჯვება მოიპოვა.
საფრანგეთის ლიგა 1-ის 26 ტურის შემდეგ „მეცმა“ 13 ქულა დააგროვა და პლეი აუტის ზონას 6 ქულით ჩამორჩება.
წიტაიშვილს მიმდინარე სეზონში, 2 გოლთან ერთად, 2 საგოლე გადაცემა აქვს, ხოლო აბუაშვილმა მეორე გოლი გაიტანა.