გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი მიიღო - ნაკრების ფორმით წარმატებისთვის ბოლომდე დავიხარჯები #1TV
გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი მიიღო - ნაკრების ფორმით წარმატებისთვის ბოლომდე დავიხარჯები #1TV

20 წლის ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი და შესაბამისად, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში თამაშის უფლება მიიღო, – ინფორმაციას საქართველოს ნაკრების ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

კიევის „დინამოს“ წევრს, გიორგი წიტაიშვილს საქართველოს პასპორტი და ეროვნული ნაკრების მაისური ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცა. ახალგაზრდა ფეხბურთელს ტრავმის გამო ბოლო პერიოდი არ უთამაშია და სავარჯიშო პროცესს კლუბთან ერთად უახლოეს პერიოდში განაახლებს.

გიორგი წიტაიშვილს ეროვნული ნაკრების მაისური სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.

„საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი ყოველთვის მქონდა, ამის შესახებ მშობლები და ოჯახის წევრები ბევრს მესაუბრებოდნენ. პირველ რიგში კლუბში უნდა ვითამაშო მაღალ დონეზე, რათა ეროვნულ ნაკრებში გამოძახება დავიმსახურო, ჩემი მიზანი სწორედ ესაა. ჯერჯერობით ინდივიდუალურად ვვარჯიშობ, რადგან სეზონი დასრულდა და კლუბი ისვენებს. შეკრებისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნები და შემეძლება გუნდთან ერთად სრულად დავიტვირთო. ქართველ გულშემატკივარს ერთ რამეს ვპირდები, როდესაც საქართველოს ნაკრების მაისურით მოედანზე გავალ, წარმატებისთვის ბოლომდე დავიხარჯები“, – განაცხადა გიორგი წიტაიშვილმა.

გიორგი წიტაიშვილს უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. 2019 წელს, ქართველი ფეხბურთელი უკრაინის 20-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი და ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. გიორგი წიტაიშვილმა პროფესიული საკლუბო კარიერა კიევის „დინამოში“ დაიწყო. 2020-21 წლების სეზონში კი, იჯარით პოლტავის „ვორსკლაში“ გამოდიოდა.