გიორგი წიტაიშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა - კაცნაკლულმა „გრანადამ“ ქულა გადაარჩინა #1TVSPORT
ესპანეთის ლა ლიგა 2-ში „ეიბარისა“ და „გრანადას“ (1:1) მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი გიორგი წიტაიშვილი გახდა.
21-ე ტურის გასვლით შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი „გრანადას“ სათადარიგოებში იყო და მოედანზე მხოლოდ 63-ე წუთზე შევიდა. ამ დროისთვის „ეიბარი“ ანტონიო პუერტასის მიერ მე-15 წუთზე გატანილი ბურთით 1:0 იგებდა.
„გრანადას“ მდგომარეობა იმანაც გაართულა, რომ 64-ე წუთზე სტუმრების კამერუნელი მცველი მარტინ ჰონგლა მოედნიდან გააძევეს, მაგრამ 10 კაცით დარჩენილმა „გრანადამ“ წონასწორობა აღადგინა – წიტაიშვილის საგოლე გადაცემით 82-ე წუთზე საბოლოო ანგარიში პაბლო ინსუამ დააფიქსირა 1:1.
„გრანადა“ 21 ტურის შემდეგ 33 ქულით მეექვსე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო წიტაიშვილის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ერთი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა.