გიორგი წიტაიშვილმა ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში მეხუთე გოლი გაიტანა #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილმა ესპანეთის ლა ლიგა 2-ში მორიგი გოლი გაიტანა და „გრანადას“ გათამაშების ლიდერ „ელჩესთან“ მნიშვნელოვანი ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 1:1.
ლა ლიგა 2-ის დაპირისპირებაში ქართველი შემტევი „გრანადის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, 70 წუთი ითამაშა და მე-13 წუთზე ანგარიში გახსნა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საკუთარ საჯარიმოში გადაცემა ჩაჭრა, ბურთიანად მეტოქის კარისკენ წავიდა და ზუსტად დაარტყა.
„ელჩემ“ წონასწორობა სწრაფად აღადგინა – ეს მე-16 წუთზე პლანომ შეძლო. „გრანადას“ გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა, როდესაც 50-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, თუმცა ბოიემ შანსი ვერ გამოიყენა და საბოლოოდ ფრე 1:1 დაფიქსირდა.
„გრანადა“ 37 ტურის შემდეგ 59 ქულით ლა ლიგა 2-ში მე-6 ადგილზეა, ანუ ლა ლიგის პლეი ოფის ზონაში. ანალიტიკურმა პორტალმა, Sofascore-მა წიტაიშვილის თამაში 7.1 ქულით შეაფასა. საქართველოს ნაკრების წევრის ანგარიშზე სეზონში ხუთი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა.