გიორგი წიტაიშვილმა კიევის „დინამოში“ დაბრუნებაზე ისაუბრა - არ მინდა მეოთხედ შევცდე, სანაკრებო თამაშებს მომზადებული უნდა შევხვდე #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილმა კიევის „დინამოში“ დაბრუნებაზე ისაუბრა - არ მინდა მეოთხედ შევცდე, სანაკრებო თამაშებს მომზადებული უნდა შევხვდე #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და კიევის „დინამოს“ გარემარბმა, გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც ამჟამად იჯარით პოლონურ „ლეხში“ თამაშობს, უკრაინაში შესაძლო დაბრუნებაზე გამოცემა „უკრაინ-ფუტბოლთან“ ისაუბრა.

„ჯერჯერობით, გუნდში ყველაფერი კარგად მიდის. „ლეხთან“ თანამშრომლობის გაგრძელებაზე ამ ეტაპზე არ გვისაუბრია. კონტრაქტი ექვს თვეში დასრულდება. არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო. ზაფხულში კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად დავსხდებით და ყველაფერი მაშინ გადაწყდება.

მსურს თუ არა კიევის „დინამოში“ დაბრუნება? ახლა ძნელი სათქმელია, ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. ამ ეტაპზე „ლეხში“ თამაშზე ვარ ორიენტირებული. მალე ნაკრებში საპასუხისმგებლო პერიოდი დაიწყება და მინდა, სანაკრებო თამაშებს მომზადებული შევხვდე. ამას გარდა, ჯერჯერობით უცნობია, ექვს თვეში უკრაინაში რა მდგომარეობა იქნება.

ომის გამო დაბრუნების შიში არ მაქვს. ჩემი სიფრთხილე მხოლოდ სპორტულ მომენტებს უკავშირდება. სამჯერ მინდოდა „დინამოდან“ წასვლა, მაგრამ მაშინ მწვრთნელებმა თქვეს, რომ ჩემი იმედი ჰქონდათ და დავრჩი. როგორც აღმოჩნდა, შევცდი – გუნდში მეორეხარისხოვან როლში აღმოვჩნდი. არ მინდა, მეოთხედაც შეცდომა დავუშვა, სათამაშო პრაქტიკა მჭირდება.

იანვარში „დინამომ“ მარჯვენა გარემარბი ვიქტორ ციგანკოვი გაყიდა. იქნებ ეს არის ჩემთვის შანსი? კიეველების სატრანსფერო სიახლეებს ყურადღებით ვადევნებ თვალს. ციგანკოვის პოტენციურ შემცვლელობაზე ჯერ არ ვფიქრობ. ვიმეორებ, ახლა პოლონეთში თამაშზე ვარ კონცენტრირებული.

რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, „დინამოს“ არანაირი დავალიანება არ აქვს, ამ მხრივ კლუბთან პრობლემა არასდროს მქონია“, – განაცხადა წიტაიშვილმა.