გიორგი წიტაიშვილს ესპანეთის ლა ლიგა 2-ის კლუბთან, „გრანადასთან“ იჯარის ვადა სეზონის დასრულებისთანავე ამოეწურა. საქართველოს ნაკრების მოთამაშე გუნდს დღეს დაუმშვიდობა.
24 წლის შემტევმა ნახევარმცველმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით მადლობა გადაუხადა კლუბს:
„წარმოუდგენელი სეზონის შემდეგ, დროა, „გრანადას“ დავემშვიდობო. მინდა, მადლიერება გამოვხატო კლუბის ყველა წევრის — სამწვრთნელო შტაბის, ფეხბურთელების, მენეჯმენტის და კულისებში მომუშავე პერსონალის მიმართ — იმისთვის, რომ პირველივე დღიდან თავი სახლში მაგრძნობინეს. მადლობა ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და ჩემ მიმართ გამოხატული რწმენისთვის. სასიამოვნო იყო ამ მაისურის ტარება.
გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი ურყევი მხარდაჭერისთვის, ემოციებისა და ენერგიისთვის მთელი სეზონის განმავლობაში — როგორც კარგ, ისე რთულ დროს. კლუბისადმი თქვენი სიყვარული ნამდვილად განსაკუთრებულია და ამას ყოველთვის ვგრძნობდი.
მივდივარ საოცარი მოგონებებითა და სიხარულით, რომ ვიყავი იმ გუნდის ნაწილი, სადაც ნამდვილად მაფასებდნენ როგორც მოთამაშეს, ასევე – პიროვნებას. ვუსურვებ კლუბს წარმატებებს, მას ეს ნამდვილად ეკუთვნის.
მადლობა, „გრანადა“ — შენ ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი გექნება ჩემს გულში“, – განაცხადა გიორგი წიტაიშვილმა.
შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი „გრანადას“ შემდეგ საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბში, „მეცში“ გადაბარგდება, სადაც თავის დროზე გიორგი მიქაუტაძეც თამაშობდა.