გიორგი წიტაიშვილმა „გრანადა“ დატოვა, მაგრამ კიევის „დინამოში“ არ დაბრუნდება #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილმა „გრანადა“ დატოვა, მაგრამ კიევის „დინამოში“ არ დაბრუნდება #1TVSPORT

ხუთ მოთამაშეს, მათ შორის გიორგი წიტაიშვილს, „გრანადასთან“ საიჯარო ხელშეკრულების ვადა ამოეწურა – ინფორმაციას ესპანური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„გუნდის შემადგენლობის ხუთ მოთამაშეს, რუბენ სანჩესს, გიორგი წიტაიშვილს, რენიეს, აბდე რებაჰის და სირენ დიაოს, რომლებიც „გრანადაში“ იჯარით თამაშობდნენ, ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ და კლუბს ტოვებენ. კლუბი მადლობას უხდის ყველას მათგანს ძალისხმევისა და თავდადებისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს“, – წერია „გრანადის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი წიტაიშვილმა სეზონი შესანიშნავად ჩაატარა – 39 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

წიტაიშვილის ტარნსფერი კიევის „დინამოს“ ეკუთვნის, ქართველი ფეხბურთელის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა sport.ua ავრცელებს.

„საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, გიორგი წიტაიშვილს, „გრანადასთან ხერლშეკრულება დაუმთავრდა და ესპანეთი ოფიციალურად დატოვა. 24 წლის ქართველის ტრანსფერი კიევის „დინამოს“ ეკუთვნის, ამიტომ ის უკრაინაში უნდა დაბრუნდეს.

აღსანიშნავია, რომ წიტაიშვილს „დინამოში“ თამაში არ სურს და ბულგარეთის ცსკა-ში გადასვლის ვარიანტს განიხილავს. „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ შოვკოვსკი ასევე არ არის დაინტერესებული მოთამაშის დაბრუნებით, ამიტომ, დიდი ალბათობით, წიტაიშვილი ან კვლავ იჯარით წავა, ან მსურველი კლუბი ტრანსფერს გამოისყიდის, რომლის სავარაუდო ღირებულება 1.5 მილიონი ევროა“, – ამტკიცებს sport.ua.