გიორგი წიტაიშვილი - უკრაინასა და საქართველოში მომხდარი ისტორია ერთი-ერთზე მეორდება #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილი - უკრაინასა და საქართველოში მომხდარი ისტორია ერთი-ერთზე მეორდება #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და კრაკოვის „ვისლას“ თავდამსხმელმა, გიორგი წიტაიშვილმა (რომლის ტრანსფერიც კიევის „დინამოს“ ეკუთვნის) უკრაინული ტელეკომპანია „ფუტბოლ 123“-თან საკუთარ კარიერასა და უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა.

„ოდესის „ჩერნომორეცში“ თავს შესანიშნავად ვგრძნობდი. ჩვენს მწვრთნელთან მუშაობა მსიამოვნებდა და მეგონა, რომ კარიერაში საუკეთესო სეზონს ჩავატარებდი, მაგრამ დაიწყო ომი…

ძალიან გამიხარდა, რომ კრაკოვში უკრაინელები ჩამოვიდნენ და მაისური მთხოვეს. სადებიუტო შეხვედრის მაისურის დატოვება მსურდა, მაგრამ უკრაინული დროშით რომ მოვიდნენ, უარის თქმა არ შემეძლო და რა თქმა უნდა, ვაჩუქე. საერთოდ, უკრაინის დროშაზე ძალიან სასიამოვნო ემოცია მაქვს, როდესაც ვხედავ. ისეთივე ემოცია მაქვს, როგორც ქართული დროშის დანახვაზე.

უკრაინაში რუსეთის აგრესია ერთი-ერთზე იგივე ისტორია და ვითარებაა, რაც საქართველოს შემთხვევაში მოხდა – ტერიტორიები წაგვართვეს და საქართველოს დედაქალაქ თბილისისკენ წასვლა გადაწყვიტეს. იქაც ისეთივე საშინელებებს სჩადიოდნენ, ხალხს აწამებდნენ, ქალებსა და ბავშვებზე ძალადობდნენ. ადრე ვფიქრობდი, რომ მათი პრეზიდენტია ცუდი, ხალხი კი არაფერ შუაში იყო, მაგრამ როდესაც ვნახე, უკრაინაში როგორც ექცეოდნენ ბავშებსა და ქალებს, ეს ხალხი ჩემთვის დამთავრდა, ისინი ჩემთვის აღარ არსებობენ. რუსეთის ხსენებაზე უბრალოდ ზიზღი მაქვს.

როდესაც კადრები ვნახე, უბრალო ხალხი (ტრაქტორებით) ტანკებს რომ იპარავდა, მათი სიმამაცით გაოცებული დავრჩი. ის კადრებიც ვნახე, ხალხი ტანკების რომ გადაუდგა და აჩერებდა. ეს აჩვენებს, უკრაინელი ხალხი როგორი ძლიერია. მთელი მსოფლიო ამიტომაც უჭერს მხარს“, – ამბობს საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი.