გიორგი ვოლსკი - „ნაცკლასტერი“ სადისტები იყავით, რომელ ბავშვებზე ან ვისზე გიზრუნიათ, ვისთვის რა თანხა გაქვთ მიცემული
გიორგი ვოლსკი - „ნაცკლასტერი“ სადისტები იყავით, რომელ ბავშვებზე ან ვისზე გიზრუნიათ, ვისთვის რა თანხა გაქვთ მიცემული

თქვენი განცხადებები უზნეობაა, უზნეობას პასუხი სჭირდება, – ასე მიმართა ოპოზიციას პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ პარლამენტში, სადაც პრემიერს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

„რაც შეეხება „ნაცკლასტერს“ – რა არის, მაზოხისტები ხართ? სადისტები იყავით, მაშინ ძალა გქონდათ ხელში და არ ვიცი, სადიზმის რამხელა დიაპაზონი გქონდათ, რამდენი ადამიანი არის დაზარალებული ამით. სისხლის ღვრაზე ლაპარაკობენ ახლა, სირცხვილი არ არის ბოლოს და ბოლოს? რომელ ბავშვებზე ან ვისზე გიზრუნიათ, საერთოდ. თანხებს რატომ არ აძლევთო – ვისთვის რა თანხა გაქვთ მიცემული ოდესმე. განსაკუთრებით 2008 წელს“, – მიმართა ვოლსკიმ ოპოზიციას.

გიორგი ვოლსკიმ ასევე აგვისტოს ომის პერიოდი გაიხსენა.

„ეს რუსული ნარატივი კიდევ. 2008 წლის აგვისტოში 7-8 აგვისტოს გვიმტკიცებდით, რუსეთი არ არის შეტევაზე გადმოსული და აგრესიას არ ახორციელებს, გაკვირვებული არიან მოსკოვში, ამ კოკოითს რა უნდა, ჩამოდიო. ტელევიზიაში განცხადებები მოისმინეთ. კონდოლიზა რაისის მოგონებები წაიკითხეთ ან ამერიკის შეერთებული შტატების ელჩების, კოლინ პაუელის განმარტებები და კომენტარები მოისმინეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. უშველებელი გეგმა იყო მობილიზებული იმისათვის, რათა ფინანსური და პოლიტიკური ძალისხმევით უკვე ჩართულობით უკვე, მიმდინარე პროცესებით რუსეთის გავლენა შეემცირებინათ და არ მიეცათ მათთვის საშუალება აგრესიის.

და რას ვხედავთ 2006 წლის ივლისიდან მოყოლებული, ყველა შეთანხმება, რომელიც ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების საშუალებით იყო მიღწეული, დაიხა, გადაიგდო ურნაში. ამის მერე რაც მოხდა, კარგად ვიცით. არც ერთი მოლაპარაკება, ვითომ მოლაპარაკება ცხინვალთან და მოსკოვის თემა სულ მუდმივად, ამ დროს რეალურად გვერდზე დაგვრჩა ის, რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვკარნახობდნენ. გამოიძახეს ელჩ ვაშინგტონში და უთხრეს, ჩამოუწერეს ექვსგვერდიანი დოკუმენტი, რა მიმართულებით აპირებდა პოლიტიკისა და სტრატეგიის გაგრძელებას ამერიკის შეერთებული შტატები და სრული იგნორი. ახლა რაზე მივედით, იმაზე რომ თურმე ბიძინა ივანიშვილს კიტრი და პომიდორი აინტერესებს და კარტოფილი, რომ გამოიტანოს იაფად მარნეულის რაიონიდან და ძვირად გაყიდოს. ეს ხომ ტყუილია, ხომ აგიხსნეს, რომ ეს არის მიზერული, კომპანიასთან კავშირიც არ აქვს. რომც ჰქონდეს, მიზერულია მისი ხვედრითი წილი ამ საქმიანობაში. კიდევ რომელი ტყუილები ჩამოვთვალო“, – მიმართა ოპოზიციას ვოლსკიმ.

ვიცე-სპიკერის განცხადებით, საქართველოში უამრავი წარმატებული პროექტი ხორციელდება, რომლის გადაფარვასაც ოპოზიცია ხელოვნურად ცდილობს.

„გრანდიოზული პროექტი ხორციელდება -კასპიის გაზსადენი საქართველოს გავლით და თურქეთი, საბერძნეთი, ალბანეთი, იტალია, ანუ ევროპაში გავედით. პირველი საცდელი უკვე გაეშვა და „გაზპრომის“ თემით უნდა ოპოზიციას, რომ გადაფარონ. 53 საქმე დავთვალეთ სტრასბურგიდან, რის გამოც ჩვენ დღეს ფული უნდა გადავიხადოთ ამათი ჩადენილი დანაშაულების გამო. ეს ინფორმაციაც გადაიფარა იმით, რომ თითქოს პრემიერ-მინისტრი მიდის ოპოზიციაში და ყველა ამას კითხულობს, მართლა მიდის თუ არა გახარია ოპოზიციაში. ყურადღებით უნდა ვიყოთ ყველა. პიროვნულად არასდროს არავინ მომიხსენებია ოპოზიციიდან, მაგრამ გამოვიდა აგერ ქალბატონი ბოკუჩავა და ჩვენ თურმე, ჩვენი მხარდამჭერების სიებს ვადგენთ, რომ მხოლოდ მათ დავურიგოთ პროდუქცია. უზნეობაა ეს და უზნეობას პასუხი სჭირდება“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​