გიორგი ვაშაძე - ყველაზე სწორია, არჩევნებს საერთო ბოიკოტი გამოვუცხადოთ და მეორე ტურს, რომელმაც აზრი დაკარგა, აქციებიც აღარ ვაღირსოთ
გიორგი ვაშაძე - ყველაზე სწორია, არჩევნებს საერთო ბოიკოტი გამოვუცხადოთ და მეორე ტურს, რომელმაც აზრი დაკარგა, აქციებიც აღარ ვაღირსოთ

ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებები არის არა მხოლოდ ოპოზიციისთვის, არამედ ხელისუფლებისთვის და „ქართული ოცნებისთვის“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“ განაცხადა.

„იმისთვის, რომ მათ ისევ ტყუილების გზით კი არ იარონ, როგორც დებატებზე და ათას სხვა საკითხზე ცრუობენ, რათა ეს სიტუაცია გაავირეშმაკონ, არამედ ვიაროთ უფრო სიმართლის გზით და დაახლოების ნაბიჯები გადავდგათ. ამაში გადამწყვეტი როლი „ქართული ოცნების“ ხელშია და არა ოპოზიციის. იმიტომ, რომ არჩევნები ჩვენ კი არ მოგვიპარავს, მათ მოიპარეს. დიახ, ჩვენ ადეკვატურად ვუყურებთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ყველა განცხადებას და „ქართული ოცნების“ მხრიდან შესაბამის, ადეკვატურ წინადადებებს ველოდებით“, – განაცხადა ვაშაძემ.

ეს განცხადება გიორგი ვაშაძემ გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელმაც ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ და თავიანთი როლის გადაბარებისკენ მოუწოდა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ გაუქმდა საერთო ოპოზიციურ ფორმატში დაგეგმილი აქციები და არის თუ არა ეს გადაწყვეტილება კავშირში ელჩებთან დღეს გამართულ შეხვედრებთან, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის ეს გადაწყვეტილება დღევანდელ შეხვედრებთან კავშირში არ არის.

„ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც საერთო ჯამში ოპოზიციამ მიიღო იმისთვის, რათა „ქართული ოცნების“ შს სამინისტროს მხრიდან გაკეთებული პროვოკაციული განცხადებების შემდეგ ოპოზიციის პროვოკაციებზე წამოგება არ მომხდარიყო. მეორე მხრივ, ყველაზე სწორია, ამ არჩევნებს საერთო ბოიკოტი გამოვუცხადოთ და არჩევნების მეორე ტურს, რომელმაც აზრი დაკარგა, აქციებიც აღარ ვაღირსოთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა შემთხვევაში შევა ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა ოპოზიციას მოუწოდეს, პარლამენტში შევიდნენ და იქ იმუშაონ, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციასთან თანამშრომლობით მუშაობა პრაქტიკაშიც არ აქვს და ამიტომ, ოპოზიცია პარლამენტში არ შევა.

„ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორებისგან მოწოდება გაისმა, რომ შევიდეთ პარლამენტში და იქ ვიმუშაოთ რაღაცაზე, მაგრამ რაზე უნდა ვიმუშაოთ პარლამენტში?! ჩვენ ხომ ვიცით, რომ „ქართულ ოცნებას“ პრაქტიკაშიც არ აქვს კანონპროექტების ოპოზიციასთან თანამშრომლობით მიღება? ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ პარლამენტში ვერ შევალთ და თავზე ნაცარს ვერ დავიყრით, რომ ახლა რამე შეიცვლება და განსხვავებული მიდგომა იქნება“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან პარალელურად დგას ორი მთავარი საკითხი – რიგგარეშე არჩევნები და საარჩევნო სისტემის ცვლილება, ხოლო მესამე საკითხი პატიმრებს შეეხება.

შეკითხვაზე, რა არის საკითხი, რომლის დასათმობადაც მისი კონკრეტული პოლიტიკური პარტია არის მზად, ვაშაძემ განაცხადა, რომ დღეს ამასთან დაკავშირებით საერთოდ ვერაფერს იტყვის, რადგან ოპოზიციის შეთავაზების საპირისპირო შეთავაზება არ უნახავს.