გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ რამეს თუ მოიფიქრებს, რაც საზოგადოებისთვის იქნება მისაღები, კი, ბატონო, მოლაპარაკებაზე იმიტომ ვართ, რომ მოვისმინოთ, რა უნდათ და რას გვთავაზობენ
გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ რამეს თუ მოიფიქრებს, რაც საზოგადოებისთვის იქნება მისაღები, კი, ბატონო, მოლაპარაკებაზე იმიტომ ვართ, რომ მოვისმინოთ, რა უნდათ და რას გვთავაზობენ

მზად ვარ გონივრული შეთანხმებისთვის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შესახებ საუბრისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა, თამთა სანიკიძემ გიორგი ვაშაძეს შეახსენა აშშ-ის ელჩის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ ყველა მხარეს მოუწევს კომპრომისზე წასვლა. საკითხზე, რა არის საკითხი, რომლის დასათმობადაც კონკრეტულად მისი პოლიტიკური პარტია არის მზად, ვაშაძემ განაცხადა, რომ დღეს ამასთან დაკავშირებით საერთოდ ვერაფერს იტყვის, რადგან ოპოზიციის შეთავაზების საპირისპირო შეთავაზება არ უნახავს.

„მე არ ვიცი. იქნებ, რამე მოიფიქრა „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღებია. მე ასეთი რამ არ მსმენია და რანაირად უნდა ვისაუბრო რამე ტიპის კომპრომისზე. დიახ, ვადასტურებ, რომ მზად ვარ გონივრული შეთანხმებისთვის, მაგრამ არა იმისთვის, რომ ჩვენი ყველა მოთხოვნა გადავაგდოთ და უბრალოდ, დავთანხმდეთ“ – განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძე ამბობს, რომ დღეს მათი მხრიდან რაიმე კომპრომისზე საუბარი არის წარმოუდგენელი, რადგანაც ადეკვატური არაფერი სმენიათ.

ამასთან, შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, ხელახალი ან რიგგარეშე არჩევნების გარდა სხვა საკითხი გახდეს მოლაპარაკების საგანი, ვაშაძემ აღნიშნა, რომ ასეთ საკითხს არ იცნობს.

„თუ რამეს მოიფიქრებენ ისეთს, რაც საზოგადოებისთვის იქნება მისაღები, კი, ბატონო. ჩვენ ხომ მოლაპარაკებაზე იმიტომ ვართ, რომ მოვისმინოთ, საერთოდ რა უნდათ და რას გვთავაზობენ. თუ არაფერს გვთავაზობენ და არანაირ ცვლილებას არ გვთავაზობენ, დარჩებიან მარტო პარლამენტში და დამერწმუნეთ, ასეთ შემთხვევაში ეს პარლამენტი დიდხანს ვერ გასტანს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დატოვე კომენტარი