გიორგი ვაშაძე - დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას პერსპექტივა აღარ აქვს, მოჭამა თავისი დრო, კოორდინირებულ ოპოზიციას შთანთქავს „ნაციონალური მოძრაობა“
გიორგი ვაშაძე - დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას პერსპექტივა აღარ აქვს, მოჭამა თავისი დრო, კოორდინირებულ ოპოზიციას შთანთქავს „ნაციონალური მოძრაობა“

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას პერსპექტივა აღარ აქვს.

„სამწუხაროდ, დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას პერსპექტივა აღარ აქვს, მოჭამა თავისი დრო“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

ვაშაძემ აღნიშნა, რომ „კოორდინირებულ ოპოზიციას შთანთქავს „ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლება ასე არ იცვლება“.

„მას აქვს თავისი ტელევიზია, თავისი გზავნილები შეუძლია, ჰქონდეს, აკონტროლებს ამ მესიჯებს. ჩვენ რომ განსხვავებული გზავნილი გვინდა, ეს ვერ მიგვაქვს ტელევიზიებით, რომელთაც სარედაქციო პოლიტიკა პირდაპირ სინქრონში აქვთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ამასაც პირდაპირ ვიტყვი“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ლანძღვა-გინების მეტს არაფერს აკეთებენ და მათთან პარტნიორობას არ გეგმავს.

„ზოგიერთი პოლიტიკოსის ფუნქციაა თითქოს, რომ ილანძღოს, დააბრალოს ათასი რამ სხვას, რაც ასევე მომისმენია ჩემზე და ჩვენს პოლიტიკურ ძალაზე. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება თავის პასუხს მისცემს ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც გამოირჩევა აღვირახსნილი გამონათქვამებით, სიცარიელით, გაუნათლებლობით, არაპროფესიონალიზმით. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც შუბლის ძარღვი არ აქვთ. ვინც შუბლძარღვგაწვეტილია და ლანძღვა-გინების მეტს არაფერს აკეთებს, ცხოვრებაში არ ვაპირებ არანაირ პოლიტიკურ პარტნიორობას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, ვაშაძემ აღნიშნა, რომ არ აპირებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოლაპარაკებებს პარლამენტში.

„არაფერ მოლაპარაკებებს არ ვაპირებთ. რა მოლაპარაკება, მარტივი საკითხია – მიჭერ მხარს, გიჭერ მხარს, მორჩა“, – განაცხადა ვაშაძემ საგამოძიებო კომისიებთან დაკავშირებით საუბრისას.

გიორგი ვაშაძემ ასევე აღნიშნა, რომ არ ენდობა „ნაციონალურ მოძრაობას“.

„შეთანხმების კუთხით, მათ მიმართ ნდობა არ მაქვს, ნულოვანი მაქვს. რამდენჯერმე „გადაგდებული“ ვარ და გიჟი ხომ არ ვარ, კიდევ მივიდე და კიდევ „გადამაგდონ“, – განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ 2018 წელს, როდესაც გაერთიანებული ოპოზიცია ჩამოყალიბდა, წესები და პირობები სამართლიანად რომ დაეცვა და შეთანხმების შესაბამისი ქმედებები ჩაედინა ყველა მის პარტნიორთან მიმართებით, დღეს ოპოზიცია იქნებოდა გამარჯვებული და იქნებოდა ხელისუფლებაში“.

„მე არ ვენდობი „ნაციონალურ მოძრობას“, პირდაპირ გეუბნებით, რადგან მათი მხრიდან შეთანხმება არაერთხელ დარღვეულა და არ ვაპირებ მათთან კოალიციაში ყოფნას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძეს მიაჩნია, რომ მისი პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ბევრჯერ გამოჩენამ დააზარალა.

„დაგვაზარალა თუ არა „სტრატეგია აღმაშენებელი“ იმან, რომ ზედმეტად ბევრჯერ გამოვჩნდით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად? მე ვფიქრობ, რომ დაგვაზარალა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

დატოვე კომენტარი