გიორგი ტყავაძე - მსაჯობასთან დაკავშირებით პრეტენზიები მხოლოდ ბოლნისის „სიონს“ არ აქვს
გიორგი ტყავაძე - მსაჯობასთან დაკავშირებით პრეტენზიები მხოლოდ ბოლნისის „სიონს“ არ აქვს

ბოლნისის „სიონის“ ხელმძღვანელობა ეროვნულ ლიგაში მსაჯობით უკმაყოფილოა. ამის საფუძველზე კლუბის დირექტორმა, გიორგი ტყავაძემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას წერილით მიმართა.

მისი აზრით, გასულმა ცხრა ტურმა ცხადყო, რომ მსაჯთა კორპუსში ხშირად კომპეტენციის პრობლემებია. ბოლნისელთა დირექტორი არ ამტკიცებს, რომ ეს გამიზნული შეცდომები იყო. თუმცა, სამი მატჩიდან კონკრეტული მაგალითები დაასახელა, როდესაც, მისი აზრით, მსაჯთა უხეშმა შეცდომებმა მატჩის შედეგებზე გავლენა იქონია.

„1. „დილა“-„სიონი“: ნინუამ ვერ დააფიქსირა მოედნის ხაზს გარეთ აშკარად გადასული ბურთი, რომელსაც „სიონის“ კარში გოლი მოჰყვა. ხაზთან იმყოფებოდა გვერდითი არბიტრი, რომელსაც ასევე კარგად უნდა დაენახა ეპიზოდი, თუმცა მან რეაგირება არ მოაყოლა. აღნიშნული თამაში 3:2 დასრულდა. 2. „სიონი“ – „რუსთავი“: ანგარიში 0:1 იყო, მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა „სიონის“ სასარგებლოდ არ დანიშნა თერთმეტმეტრიანი, როდესაც მცველი „სიონის“ შემტევს ხელით იჭერდა. 3. „სიონი“ – „ჩიხურა“: პაპუნა მაჭარაძემ თერთმეტმეტრიანი დანიშნა, როცა ფეხბურთელებს შორის აშკარა კონტაქტი საჯარიმო მოედნის მიღმა მოხდა, რაც ვიდეოზეც ნათლად ჩანს. ამავე მატჩის მეორე ტაიმში „ჩიხურას“ კარში არ იქნა თერთმეტმეტრიანი დანიშნული, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ 59-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ლევან კაკუბავას ხელზე ხვდება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ჩემპიონატში „სიონის“ მატჩებში პაპუნა მაჭარაძემ უხეში შეცდომები პირველად არ დაუშვა. მან „სამტრედია“ – „სიონის“ შეხვედრაც იმსაჯა, სადაც პენალტი „სიონის“ კარში დანიშნა და ყვითელი ბარათით დაასაჩუქრა არა წესებს დამრღვევი ფეხბურთელი, არამედ გულვერდ თომაშვილი, რომელიც აღნიშნულ ეპიზოდში საერთოდ არ მონაწილეობდა“, – წერს ტყავაძე.

ბოლნისელთა დირექტორი მიანიშნებს, რომ ამ პოზიციაზე მხოლოდ „სიონი“ არ არის.

„მიმდინარე სეზონში უკვე არაერთი უკმაყოფილება გამოითქვა მათ მიმართ. ბოლნისის „სიონი“ შორს არის იმ აზრისგან, რომ ყველა ქართველი მსაჯი არაკომპეტენტურია და არც იმის დაჯერება გვსურს, რომ სამსაჯო კორპუსი შეცდომებს კონკრეტული გუნდების მისამართით განზრახ უშვებს. ბოლნისის „სიონი“ ადასტურებს თავის პატივისცემას სამსაჯო კორპუსის მიმართ, თუმცა, აქვე ვითხოვთ, რომ მათი მხრიდან მეტი ყურადღება, მეტი პროფესიონალიზმი და მეტი კომპეტენცია იქნას გამოვლენილი. „სიონის“ თვითმიზანი არ არის მსაჯების დისკრედიტაცია, ამიტომ იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში მათი მხრიდან იქნება ისეთი შეცდომები გამორიცხული, რომელიც შეხვედრის შედეგზე გავლენას იქონიებს“, – წერს გიორგი ტყავაძე.