თბილისის „იბერიის“ ფეხბურთელი გიორგი ტაბატაძე სათამაშოდ დანიურ „ვეილეში“ გადავიდა, – ინფორმაცია ქართულმა და დანიურმა კლუბებმა ერთდროულად გაავრცელეს.
„გიორგი ტაბატაძე კარიერას დანიის სუპერლიგის კლუბ „ვეილეში“ გააგრძელებს. ტაბატაძე ჩვენი კლუბის ვიცე-პრეზიდენტთან, დავით ხეჩიკაშვილთან ერთად დანიაში იმყოფება, სადაც უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და ახალ კლუბთან კონტრაქტიც გააფორმა.
გიორგი ჩვენი აკადემიის აღზრდილია. ის „იბერიის“ მთავარ გუნდში 2024 წლის სეზონში დაწინაურდა. ტაბატაძემ პირველი გუნდის მაისურით, ჯამში, 37 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა. მადლობა ჩვენს გუნდში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებები“, – წერია „იბერიის“ განცხადებაში.
„ჩვენი კლუბი „ვეილე“ სიამოვნებით ადასტურებს გიორგი ტაბატაძის ტრანსფერს. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების 19 წლის ფეხბურთელი, რომელიც მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს, საქართველოს ჩემპიონიდან დავიმატეთ. ის გუნდს ხუთწლიანი კონტრაქტით შეუერთდა“, – წერია „ვეილეს“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.
ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ „ვეილეს“ სპორტულმა დირექტორმა, მიკელ ჰემერსამმა ისაუბრა:
„მისი ტალანტით დავინტერესდით. ამ სატრანსფერო „ფანჯარაში“ გუნდის გაძლიერება მაღალი დონის მოთამაშეებით, ადგილობრივი და უცხოელი ტალანტებით გვინდოდა. ტაბატაძეს ამ კონკურენციაში სათამაშო დროის მოპოვების პოტენციალი გააჩნია. თავისი სტილითა და გამოცდილებით, 19 წლის ქართველი ამ სტრატეგიაში კარგად ჯდება. ის წელიწად-ნახევარია, რაც პროფესიონალებში გამოდის და სწრაფად ვითარდება.
კრისტიან სორენსენი გუნდში ერთადერთი მემარცხენე მცველია და ამ პოზიციაზე კიდევ ერთი ფეხბურთელი გვჭირდებოდა. გიორგის თამაში შეტევაშიც შეუძლია. დინამიკურია, სწრაფია და აქვს რამდენიმე საინტერესო უნარი ერთი-ერთზე თამაშისას. გუნდის ყველა წევრის სახელით, მივესალმები გიორგი ტაბატაძეს კლუბში“, – ამბობს „ვეილეს“ სპორტული დირექტორი.
გიორგი ტაბატაძემ 21-ე ნომერი აირჩია. ოთხშაბათს ის ახალ თანაგუნდელებთან ერთად პირველად ივარჯიშებს.