გიორგი ტაბატაძე - დანიაში ფეხბურთელები ვითარდებიან, სწორედ ამიტომ დავთანხმდი „ვეილეს“ წინადადებას #1TVSPORT
ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი ტაბატაძემ თბილისის „იბერიიდან“ დანიურ „ვეილეში“ გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ძალიან მიხარია, რომ „ვეილეში“ გადმოვედი, რომელსაც კარგი მენეჯმენტი და პროფესიონალიზმი გამოარჩევს. ეს კლუბი საკუთარ ფეხბურთელებზე ზრუნავს. დანიის ლიგიდან მოთამაშეები კარგ ევროპულ კლუბებში გადადიან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ქვეყანაში მოთამაშეები ვითარდებიან და აქ ფეხბურთს მაღალ დონეზე თამაშობენ. აქამდე აქ რამდენიმე ახალგაზრდა ქართველი უკვე თამაშობდა, რომლებიც ეროვნული ნაკრებიდან მახსოვს. ამიტომაც „ვეილეს“ შეთავაზებით სწრაფად დავინტერესდი და დავთანხმდი.
მე გუნდური მოთამაშე ვარ. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედეთში, „მალმეს“ წინააღმდეგ ვითამაშე და ვიგრძენი ასეთი დონის შეხვედრის ატმოსფერო, სკანდინავიური სტილი. მოუთმენლად ველი ჩემს ახალ თანაგუნდელებთან შეხვედრას და ყველაფერს გავაკეთებ ჩემი შესაძლებლობების წარმოსაჩენად“, – განაცხადა გიორგი ტაბატაძემ.
19 წლის ქართველმა ფეხბურთელმა დანიურ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.