გიორგი შოთაძე - ევროპის ჩემპიონატზე განსაკუთრებით რთული ნახევარფინალი იყო #1TVSPORT
გიორგი შოთაძე - ევროპის ჩემპიონატზე განსაკუთრებით რთული ნახევარფინალი იყო #1TVSPORT

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივიდან დაბრუნდა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდელთა ნაკრები, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა. ქართულ დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები და ოფიციალური პირები დახვდნენ.

ქართველმა ფალავნებმა ათი წონითი კატეგორიიდან შვიდის ფინალში იასპარეზეს. მედლების საერთო მონაგარიც შთამბეჭდავია – საქართველოს დელეგაციამ მოიპოვა ოთხი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. ევროპის ჩემპიონები გახდნენ გიორგი შოთაძე, დიეგო ჩხიკვაძე, გიორგი ჩხიკვაძე და გიორგი ქაცანაშვილი.

„მიხარია, რომ ევროპის ჩემპიონი გავხდი და საქართველოს ოქროს მედალი მოვუტანე. მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც აეროპორტში დაგვხდნენ და ჩვენი სიხარული გაიზიარეს. ჩემთვის ევროპის ჩემპიონატზე რთული იყო ყველა ბრძოლა, განსაკუთრებით, ნახევარფინალში, სადაც თურქ მეტოქეს შევხვდი. მასთან მცირე ხნის წინ ფინალში ვიჭიდავე და მსაჯების გამო დავმარცხდი. ახლაც იყო ასეთი მცდელობა, მაგრამ მიხარია, რომ ამის მიუხედავად ფინალში გავედი და გავიმარჯვე“, – ამბობს გიორგი შოთაძე, რომელიც ევროპის ჩემპიონი 63 კგ წონით კატეგორიაში გახდა.

საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში გაუსწრო თურქეთის ეროვნულ გუნდს და პირველი ადგილი დაიკავა. დღეს პლოვდივში ევროპის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 23-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო, სადაც ქართველი მოჭიდავეები ათივე წონით კატეგორიაში იასპარეზებენ.