გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „ბარსელონას“ სძლია და ესპანეთის თასის ნახევარფინალშია #1TVSPORT
კალათბურთში ესპანეთის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „ბარსელონა“ 91:86 დაამარცხა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე მოგვიანებით შევიდა. შერმადინმა 11 წუთი ითამაშა, რა დროშიც თავის გუნდს 5 ქულა და 1 მოხსნა შესძინა.
შეხვედრაში გადამწყვეტი როლი „ტენერიფეს“ ბრაზილიელმა გამთამაშებელმა, მარსელინიო უერტასმა ითამაშა, რომლის ანგარიშზეც 22 ქულა, 7 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა იყო.
გიორგი შერმადინის გუნდის მეტოქე ესპანეთის თასის ნახევარფინალში „უნიკახა“ იქნება, მატჩი 15 თებერვალს გაიმართება.