გიორგი შერმადინის შედეგიანი თამაში და „უნიკახას“ გამარჯვება ბარესლონაში
გიორგი შერმადინის შედეგიანი თამაში და „უნიკახას“ გამარჯვება ბარესლონაში

11 ქულა, ცხრა მოხსნა და სამი შედეგიანი გადაცემა – ამ შედეგით დაასრულა ბარსელონასთან მოგებული მატჩი გიორგი შერმადინმა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელი დღევანდელ შეხვედრაში მალაგას „უნიკახას“ რიგებში გამორჩეული იყო.

შერმადინი თანაგუნდელ კარლოს სუარესთან ერთად, სარგებლიანობის მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. მალაგელებმა „პალაუ ცენტრში“ ბარსელონა, ანაგარიშით 76-73 დაამარცხეს. ბოლო წუთებზე, ჟოან პალაზამ შერმადინი მოედანზე აღარ გაიყვანა და კვლავ ჯეიმს აუგუსტინს ენდო, რომელმაც ოთხი ქულით და ოთხი მოხსნით დაასრულა მატჩი. ამის გამო, „უნიკახა“ კინაღამ დაისაჯა. სტუმრები, მესამე მეოთხედის წინ, 21 ქულის სხვაობით იგებდნენ და თითქოს თამაშს ინტრიგაც დაკარგული ჰქონდა. „ბარსას“ კალათბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს და დასკვნით წამებზე, მატჩს დაძაბულობა დაუბრუნეს, თუმცა თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ამ გამარჯვების შემდეგ, მალაგური კლუბი ესპანეთის „ლიგა ენდეზას“ გათამაშებაში, საპლეიოფო ზონაში იმყოფება.