გიორგი შერმადინის 14 ქულა და მალაგას მორიგი გამარჯვება ევროთასზე - მაკფადენმა ტენერიფეს მოაგებინა [ვიდეო]
გიორგი შერმადინის 14 ქულა და მალაგას მორიგი გამარჯვება ევროთასზე - მაკფადენმა ტენერიფეს მოაგებინა [ვიდეო]

ესპანურმა „მალაგამ“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი, გიორგი შერმადინი იცავს, ევროთასზე მორიგი შეხვედრა გამართა. „უნიკახა“ სტუმრად იტალიურ „ტორინოს“ დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, ერთი ქულის სხვაობით 104:105 დაამარცხა. გიორგი შერმადინმა მოედანზე გატარებულ არასრულ 22 წუთში,  საკუთარ გუნდს 14 ქულა და 6 მოხსნა შესძინა. ესპანელებს შორის ყველაზე მეტი – 19 ქულა ფერნანდესის ანგარიშზეა. „უნიკახა“ ევროთასის D ჯგუფში, ოთხი მოგებითა და ერთი წაგებით, მეორე ადგილზე იმყოფება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულ კალათბურთელს, თად მაკფადენს მორიგი წარმატებული მატჩი ჰქონდა. ესპანური „ტენერიფე“, ფიბას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ შეხვედრაში, სტუმრად „ვენეციას“ შეხვდა და ქართული პასპორტის მქონე კალათბურთელის დახმარებით 72:65 დაამარცხა. თად მაკფადენის ანგარიშზე 21 ქულა იყო. ეს კი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგია. „ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფს, ოთხიდან ოთხი მოგებით ლიდერობს.