გიორგი შერმადინი ესპანეთის „ლიგა ენდესას“ მე-14 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
გიორგი შერმადინი ესპანეთის „ლიგა ენდესას“ მე-14 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-14 ტურის ყველაზე ღირებული მოთამაშე გიორგი შერმადინია. „ლიგა ენდესას“ ტურის საუკეთესოდ ქართველი ცენტრი უკვე მესამედ დაასახელეს.

შერმადინმა დაგროვებული ქულების მხრივ სარეკორდო მაჩვენებელი დააფიქსირა, ასევე მარგი ქმედების კოეფიციენტშიც. 2016 წელს ანდორაში თამაშისას მოგროვებული 29 ქულა შერმადინმა გასულ ტურში გრან კანარიასთან 100:79 მოგებულ მატჩში გადაფარა. ქართველმა ცენტრმა 32 ქულა მიითვალა და სარგებლიანობის ინდექსი 42-ამდე აიყვანა. ეს იმიტომ მოხდა, რომ შერმადინმა ტრადიციულად ძალიან კარგად ესროლა. გიორგიმ 12-დან 9 ორქულიანი და 16-დან 14 საჯარიმო ჩააგდო და აქტივში 9 მოხსნა (5 შეტევაში), 3 ჩაჭრა და 11 გამომუშავებული ფოლიც ჰქონდა.

შერმადინი პირველი კალათბურთელია, რომელმაც „ლიგა ენდესას“ მიმდინარე სეზონზე ტურის საუკეთესო კალათბურთელად მესამედ დაასახელეს და დიდი შანსია, თვის MVP-ს ტიტულიც ერგოს, რადგანაც 2 აღიარება სწორედ დეკემბერში ჩატარებულ მე-12 და მე-14 ტურებში ერგო.

დატოვე კომენტარი