გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში კვლავ მოხვდა
გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში კვლავ მოხვდა

როგორც მოსალოდნელი იყო, გიორგი შერმადინი ესპანეთის „ლიგა ენდესას“ 21-ე ტურის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. „იბეროსტარ ტენერიფემ“ „მანრესას“ 85-70 მოუგო. შერმადინი კი მატჩის MVP გახდა.

ქართველმა ცენტრმა არასრულ 23 წუთში 29 ქულა, ოთხი მოხსნა, ორი პასი, სამი ჩაჭრა და ერთი დაფარება მიითვალა. გიორგიმ 14-დან ათი ორქულიანი და ცხრავე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ორჯერ დაკარგა, ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო, მის წინააღმდეგ კი ექვსჯერ დაჯარიმდნენ.

სიმბოლურ ხუთეულში ასევე მოხვდა „იბეროსტარ ტენერიფეში“ ქართველი ცენტრის ბრაზილიელი თანაგუნდელი მარსელინიო უერტასი, მადრიდის „რეალის“ კაბო ვერდელი ცენტრი ვალტერ ტავარესი და „მორაბანკ ანდორას“ სენეგალელი ცენტრი მალიკ დიმე.