გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის ყველაზე ღირებული მოთამაშეა
გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის ყველაზე ღირებული მოთამაშეა

საქართველოს ნაკრების გამოცდილი ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში და ევროსარბიელზე ბრწყინვალედ ასპარეზობს. ამჯერად, გიო „ლიგა ენდესას“ მე-10 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. „ტენერიფე იბეროსტარის“ ქართველმა ცენტრმა „რეალ ბეტისის“ წინააღმდეგ გამორჩეულად ითამაშა.

შერმადინმა „რეალ ბეტისთან” 94:89 მოგებულ მატჩში მოედანზე 31:57 წუთში 24 ქულა, 11 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა.

გიორგიმ 11-დან 6 ორქულიანი და 15-დან 12 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 11-ჯერ დაირღვა.

ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის ინდექსი 35-ს გაუტოლდა, ის მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა და მოგვიანებით, ტურის ყველაზე ღირებული მოთამაშის (MVP) ტიტულსაც დაეუფლა.