გიორგი შერმადინი - ჩვენი ახალგაზრდა კალათბურთელები თავს არ ზოგავენ, ისინი ძალიან ნიჭიერები არიან #1TVSPORT
გიორგი შერმადინი - ჩვენი ახალგაზრდა კალათბურთელები თავს არ ზოგავენ, ისინი ძალიან ნიჭიერები არიან #1TVSPORT

გიორგი შერმადინმა საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა თბილისის საერთაშორისო თასის შესახებ, რომელიც 12-13 აგვისტოს „თბილისი არენაზე“ გაიმართება და, საქართველოს გარდა, იორდანიის, მონტენეგროსა და ირანის ნაკრებები ითამაშებენ.

„ყველამ კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია აგვისტოს თამაშები. მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი 26 აგვისტოს გვაქვს. „თბილისი არენაზე“ იორდანიასთან ვითამაშებთ და ეს დაპირისპირება მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ. თუ გულშემატკივარი მოვა და გვერდში დაგვიდგება, მოთამაშეებისთვის დიდი სტიმული იქნება.

შეკრებაზე შესანიშნავი ვითარებაა. ჩვენი გუნდის ახალგაზრდა კალათბურთელები ძალიან ნიჭიერები არიან, პირველივე დღიდან მაქსიმუმს აკეთებენ და თავდაუზოგავად ვარჯიშობენ. როდესაც შანსი ეძლევათ, ცდილობენ, თავი გამოიჩინონ. ისინი ქართული კალათბურთის მომავალი და იმედები არიან“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიორგი შერმადინი.

ნახევარფინალში ჩვენი ეროვნული გუნდი იორდანიას დაუპირისპირდება, ხოლო მონტენეგრო – ირანს. საქართველოს ნაკრებთან ერთად ემზადებოდა გოგა ბითაძე, რომელიც ტრავმისგან განიკურნა და, დიდი ალბათობით, სათამაშოდ მზად იქნება.

თბილისის საერთაშორისო თასზე საქართველოსა და იორდანიის შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი 12 აგვისტოს, 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.