გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის არასრულწლოვნების ეპიზოდზე პროკურატურამ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, არასრულწლოვნების ეპიზოდზე პროკურატურამ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ სადავოდ არ მიიჩნია ნივთიერი მტკიცებულებები. მათ შორის, ის ხელკეტი, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს.
საქმის ეს ეპიზოდი ახლა დასკვნით ეტაპზე გადადის. დაიწყება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, რომლის ფარგლებშიც, ჩვენებას თავად ბრალდებულები მისცემენ.
ექვსი ბრალდებულის დაკითხვის შემდეგ, მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ, რის შემდეგაც, სასამართლო მზად იქნება, საქმეზე განაჩენი გამოაცხადოს.
საქმის ამ ეპიზოდზე, ექვს არასრულწლოვანს ძალადობა, ძალადობის ორგანიზება და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა ედებათ ბრალად.
„ბრალდებამ დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა და სასამართლო გადავიდა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაზე. ბრალდებულებმა არ მისცეს ჩვენება, მათ დამატებითი კონსულტაციები სჭირდებათ ადვოკატებთან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მტკიცებულებების გამოკვლევით დასტურდება თითოეული ბრალდებულის ბრალეულობა და გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება“, – აცხადებს პროკურორი ნანა გუგუტიშვილი.
აღნიშნულ ეპიზოდზე, სასამართლო პროცესი 13 ოქტომბერს, 11:00 საათზე გაგრძელდება. ხვალ კი, 12:00 საათზე მცხეთის რაიონული სასამართლო გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეს განიხილავს.