გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვნის მამა ინსპექტორის სამსახურში გამოიკითხა
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვნის მამა ინსპექტორის სამსახურში გამოიკითხა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა გამოკითხეს.

„მე ამ სამსახურს ვენდობი და ვუთხარი, რა ძალადობაც მოხდა. სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა იყო. იქვე არ გამომითქვამს, რადგან შემეშინდა, ჩემი შვილისთვის უფრო მეტი ზიანი არ მიეყენებინათ“, – განაცხადა მან გამოკითხვის შემდეგ.

როგორც ჟურნალისტებთან ადვოკატმა განაცხადა, მან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„მან დეტალურად განუცხადა გამომძიებელს, როგორ, სად და ვინ მოახდინა ზეწოლა მის შვილზე, მან გადასცა ყველა ის ინფორმაცია და მაიდენტიფიცირებელი ნიშანი იმ პიროვნების, რომელმაც მოახდინა ზეწოლა არასრულწლოვანზე. როგორც მოწმეები აცხადებენ, სხვა პოლიციელები მას ეპყრობოდნენ მოწიწებით, მიმართავდნენ მამის სახელით, შესაბამისად, არსებობს ვარაუდი, რომ შეიძლება, ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი იყოს პოლიციაში ეს პირი.

მას ძლიერად ჩაარტყეს თავის არეში, როდესაც უთხრა გარკვეულ პირობაზე, რომ ისე არ იყო და ამ პოლიციელს სურდა, მისგან მიეღო შესაბამისი ჩვენება. შემდგომ, როდესაც ის გაიყვანეს შემთხვევის ადგილზე, კერძოდ, ხიდთან, იქ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, ზურგში ჩაარტყა მუშტი, რა დროსაც განიცადა ტკივილი. კითხვაზე, მამამ რა იმოქმედა ამ ყოველივეზე, მან განაცხადა, რომ შეეშინდა, საერთოდ მის გარეშე არ გაეგრძელებინა პოლიციას მისი შვილის გამოკითხვა და ამიტომ გაჩუმდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სწრაფი რეაგირებით მოახდინა მოწმეთა გამოკითხვა და გამოძიების დაწყება. მე მათ ვუსურვებ წარმატებას, იმედი მაქვს, რომ ისინი მიაღწევენ შედეგს. ერთხელ და სამუდამოდ ყველა პოლიციელმა უნდა იცოდეს, რომ არც ერთი მოწმის, დაკავებულის და არც ერთი ბრალდებულის მიმართ არ შეიძლება განახორციელო ზეწოლა, ცემა.

ასევე, მამამ განაცხადა დღეს, რომ პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს მეორე დღეს მისწერა „სმს“ რომ წინა დღეს მის შვილს მიაყენეს, როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა“, – განაცხადა ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანზე შესაძლო ზეწოლას სახელმწიფო ინსპექტორი ორი მუხლით იძიებს.