გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანზე შესაძლო ზეწოლის გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვები ჩატარდება
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანზე შესაძლო ზეწოლის გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვები ჩატარდება

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მიმართ პოლიციის განყოფილებაში შესაძლო ძალადობის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში დღეს არასრულწლოვნის მამას და ადვოკატს გამოკითხავენ. როგორც ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა, არ არის გამორიცხული, რომ პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვანზე ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა იძალადა.

„ბრალის დადგენილების ჩაბარების შემდეგ, მე და არასრულწლოვნის მამა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვაზე მივდივართ, ჩვენება უნდა მივცეთ.

აბსოლუტურად ყველა მაიდენტიფიცირებელი ჩვენება მიაწოდა არასრულწლოვანმა გამოძიებას, კერძოდ, რა ეცვა აღნიშნულ პირს, რა ნივთები ჰქონდა, როგორ გამოიყურებოდა და ა.შ. პოლიციის განყოფილებებში შიდა კამერები განთავსებულია. ის, რომ არასრულწლოვანი პოლიციის განყოფილებაში დაახლოებით 15-16 საათი იმყოფებოდა, ცალსახად კანონდარღვევაა. გამოძიებას მარტივად შეუძლია კამერების ჩანაწერის ამოღება, დათვალიერება და გამოჩნდება, სიმართლეს ამბობს თუ არა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი.

როგორც ის აღნიშნავს, იმ პირს ცალკეული პოლიციელები მოწიწებით მიმართავდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პოლიციაში სავარაუდოდ, ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყო“, – განაცხადა გელხაურმა.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანზე შესაძლო ზეწოლას სახელმწიფო ინსპექტორი ორი მუხლით იძიებს.