გიორგი სარდალაშვილის პირველი გამარჯვება ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე [ვიდეო] #1TVSPORT

ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში დღეს სტარტი აიღო ახალგაზრდულმა მსოფლიო ჩემპიონატმა ძიუდოში.

პირველ დღეს ტატამზე ორი ქართველი – გიორგი სარდალაშვილი და თორნიკე მაზიაშვილი (ორივე 60 კგ-ში) ასპარეზობენ. მსოფლიოს მომქმედმა ჩემპიონმა ახალგაზრდებში გიორგი სარდალაშვილმა ტურნირზე პირველი გამარჯვება ფრანგ ენცო ჯიანთან მოიპოვა და მერვედფინალში გავიდა.

დღეს გამომსვლელი მეორე ქართველი თორნიკე მაზიაშვილი პირველ დაპირისპირებას მოგვიანებით ჩაატარებს. მთლიანობაში მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრები 13 ძიუდოისტით იასპარეზებს. ახალგაზრდა სპორტსმენებიდან ცხრა ვაჟია, ხოლო ოთხი ქალი. ჩვენი გუნდის წევრები მამაკაცთა შეჯიბრზე ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლენ. 66 და 100 კგ-ში ძიუდოისტი არ გვეყოლება, ოთხი წონა კი გაორებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი სარდალაშვილს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2021 წელს ამომავალი ვარსკვლავის წოდება მიანიჭა.