გიორგი სარდალაშვილი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში დღეს სტარტი აიღო ახალგაზრდულმა მსოფლიო ჩემპიონატმა ძიუდოში.

პირველ დღეს ტატამზე ორი ქართველი – გიორგი სარდალაშვილი და თორნიკე მაზიაშვილი (ორივე 60 კგ-ში) ასპარეზობენ. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ახალგაზრდებში გიორგი სარდალაშვილმა ტურნირზე მესამე გამარჯვება მოიპოვა და შეჯიბრის ნახევარფინალში გავიდა. ახალგაზრდა ქართველმა ისრაელის წარმომადგენელი ვოლზაკი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა და ფინალში გადასასვლელად აზერბაიჯანელ ან ბრაზილიელ სპორტსმენს შეხვდება.

დღეს გამომსვლელმა მეორე ქართველმა თორნიკე მაზიაშვილმა ორი შეხვედრა მოიგო და ტურნირზე მეოთხედფინალურ შეხვედრას მოგვიანებით ჩაატარებს.

მთლიანობაში მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრები 13 ძიუდოისტით იასპარეზებს. ახალგაზრდა სპორტსმენებიდან ცხრა ვაჟია, ხოლო ოთხი ქალი. ჩვენი გუნდის წევრები მამაკაცთა შეჯიბრზე ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლენ. 66 და 100 კგ-ში ძიუდოისტი არ გვეყოლება, ოთხი წონა კი გაორებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი სარდალაშვილს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2021 წელს ამომავალი ვარსკვლავის წოდება მიანიჭა.