გიორგი სარდალაშვილი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში დღეს სტარტი აიღო ახალგაზრდულმა მსოფლიო ჩემპიონატმა ძიუდოში.

პირველ დღეს ტატამზე ორი ქართველი – გიორგი სარდალაშვილი და თორნიკე მაზიაშვილი (ორივე 60 კგ-ში) ასპარეზობენ. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ახალგაზრდებში გიორგი სარდალაშვილმა ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა და შეჯიბრის მეოთხედფინალში გავიდა. ახალგაზრდა ქართველმა კოლუმბიელი ოსკარ მორატო ვაზარით დაამარცხა და ნახევარფინალში გადასასვლელად უზბეკ ან ისრაელის წარმომადგენელ სპორტსმენს შეხვდება.

დღეს გამომსვლელმა მეორე ქართველმა თორნიკე მაზიაშვილმა პირველ დაპირისპირებაში გაიმარჯვა და ტურნირზე მეორე შეხვედრას მოგვიანებით ჩაატარებს.

მთლიანობაში მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრები 13 ძიუდოისტით იასპარეზებს. ახალგაზრდა სპორტსმენებიდან ცხრა ვაჟია, ხოლო ოთხი ქალი. ჩვენი გუნდის წევრები მამაკაცთა შეჯიბრზე ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლენ. 66 და 100 კგ-ში ძიუდოისტი არ გვეყოლება, ოთხი წონა კი გაორებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი სარდალაშვილს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2021 წელს ამომავალი ვარსკვლავის წოდება მიანიჭა.