გიორგი ქვილითაიას ინტერვიუ ოპერაციის შემდეგ - ჩვენ დაკომპლექსებული ნაკრები გვყავდა, რომელმაც საკუთარი ძალების ირწმუნა
გიორგი ქვილითაიას ინტერვიუ ოპერაციის შემდეგ - ჩვენ დაკომპლექსებული ნაკრები გვყავდა, რომელმაც საკუთარი ძალების ირწმუნა

„ტრავმა როგორ შეიძლება დამაიმედებელი იყოს, მაგრამ მიხარია, რომ ბევრად უფრო სერიოზულ გართულებას გადავურჩი“ – ეს გიორგი ქვილითაიამ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელმა ლატვიასთან მატჩის წინა დღეს გამართულ ვარჯიშზე კოჭის ტრავმა მიიღო და გუნდს ვეღარ დაეხმარა. გიორგი ქვილითაიამ ბელგიაში ოპერაცია გაიკეთა.

პირველ არხთან გიორგიმ განაცხადა, რომ მოედანზე დაბრუნებას დეკემბერში იმედოვნებს.

„თავიდან შიში მქონდა, რომ წვივის მოტეხილობა იყო და ერთ წელიწადს ვერ ვითამაშებდი. მაგრამ კოჭის მოტეხილობა დამიდგინეს, რომლის მკურნალობასაც მხოლოდ 3-4 თვე სჭირდება. ზუსტად ანალოგიური ტრავმა მაისში მარჯვენა ფეხზე მივიღე, ახლა – მარცხენაზე. საბედნიეროდ, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ველოდები იმ დროს, როდესაც მოედანს დავუბრუნდები“ – ამბობს ქვილითაია.

გიორგი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფში წარმატებით ითამაშებს –

„ადრე ჩვენ დაკომპლექსებული ნაკრები გვყავდა, რომელსაც საკუთარი ძალების არ სჯეროდა. მაგრამ გუნდი ნელ-ნელა იზრდებოდა და ლოგიკურია, ერთა თასზე წარმატებულად რომ გამოვდივართ. ამის მიზეზი ერთსულოვნებაა – ნაკრები ამან შეცვალა, გაზარდა და წარმატებით ამიტომაც ავთამაშდით”.