გიორგი ქვილითაია - წასვლა ორჯერ ვთხოვე, მაგრამ „გენტი“ არ მიშვებს
გიორგი ქვილითაია - წასვლა ორჯერ ვთხოვე, მაგრამ „გენტი“ არ მიშვებს

გიორგი ქვილითაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საუბრისას განაცხადა, რომ ბელგიურ „გენტში“ კარიერით კმაყოფილი არაა, მაგრამ გუნდი არ უშვებს.

„ამ გუნდში ჩემი კარიერა ისე ვერ წარიმართა როგორც მე მსურდა. თავიდან პაუზა ტრავმებით იყო გამოწვეული. მერე მწვრთნელი შეიცვალა, რომელსაც ისე კარგად არ ვიცნობდი. ამ ყველაფრის გამო წასვლა მსურს. ფეხბურთელის კარიერა ძალიან ხანმოკლეა და მინდა, რაც შეიძლება მეტი ვითამაშო და ნაკრებში უკეთეს ფორმაში ჩამოვიდე. ზაფხულშიც მინდოდა გუნდის შეცვლა და არ გამიშვეს, რადგან ევროპის ლიგაზე გავედით, ბევრი თამაში გვქონდა მათ განაცხადში შესაყვანად ბევრი ფეხბურთელი სჭირდებოდათ. ახლაც, წამოსვლამდე კლუბის ხელმძღვანელებს ჯერ ვთხოვე, შემდეგ ულტიმატუმით არა, მაგრამ უფრო გაბრაზებულად დაველაპარაკე. მაგრამ კონტრაქტი მათ ხელშია და არ მიშვებენ“ – ამბობს ქვილითაია.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა 26 მარტს, ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსთან მომავალ შეხვედრაზე ილაპარაკა: „ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ასეთი შანსი არასოდეს არ გვქონია და წნეხიც ზუსტად ამიტომაა. ეს შანსი თუ გამოვიყენეთ, ეს მომავალში ძალიან წაადგება ქართულ ფეხბურთს და ზოგადად, ქვეყანას. ერთ შეხვედრისთვის მომზადება ტრავმის შემდეგაც კი შესაძლებელია. თანაც, სახლში ვთამაშობთ, დარწმუნებული ვარ, „დინამო-არენა“ გაივსება და გულშემატკივრისგან ძალიან მაგარი მხარდაჭერა გვექნება და ეს მოგცემს საშუალებას, რომ ევრო2020-ზე გავიდეთ“.