გიორგი ქვილითაია - კვიპროსში „რაპიდს“ რთული მატჩი ელის #1TVSPORT
გიორგი ქვილითაია - კვიპროსში „რაპიდს“ რთული მატჩი ელის #1TVSPORT

ევროპალიგაზე დღეს ერთმანეთს გიორგი ქვილითაიას ორი ყოფილი კლუბი დაუპირისპირდება – ფამაგუსტას „ანორთოსისი“ ლარნაკაში ვენის „რაპიდს“ უმასპინძლებს.

ავსტრიული გამოცემა „კრონის“ ჟურნალისტი მოახლოებულ მატჩზე საქართველოს ნაკრებისა და ნიქოზიასაპოელის“ თავდამსხმელის მოსაზრებით დაინტერესდა.

„მეგონა, რომ კვიპროსის ფეხბურთის დონე უფრო დაბალი იყო, ვიდრე ეს სინამდვილეშია. შანსებს 50-50-ზე შევაფასებ. „ანორთოსისზე“ ბევრს ვერაფერს ვიტყვი, რადგან გუნდში ბევრი ცვლილება განხორციელდა. მწვრთნელი თემურ ქეცბაია დისციპლინის საკითხებში ძალიან მკაცრია. ფეხბურთელები მისთვის ყველაფერს აკეთებენ, რადგან ქეცბაიას მათი მოტივირება შეუძლია“, – განაცხადა გიორგი ქვილითაიამ.

საქართველოს ნაკრებისა და ნიქოზიასაპოელის“ თავდამსხმელის თქმით, ავსტრიელებს კვიპროსში რთული მატჩი ელით:

„რაპიდის“ ფეხბურთელებისთვის ეს ძალიან რთული დღე იქნება, რადგან „ანორთოსისს“ გამორჩეული გულშემატკივრები ჰყავს. შარშან ისინი თასის ფინალამდე სასტუმროში მივიდნენ და გუნდს მხარს უჭერდნენ. ამას გარდა, კვიპროსში ზოგჯერ 40 გრადუსი სიცხეა და მზის ჩასვლის შემდეგაც ცხელა. ასეთ პირობებში თამაში რთულია”.

კვიპროსული გამოცემა „სპორტ ტაიმი“ ქვილითაიას ინტერვიუს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართველმა თავდამსხმელმა ავსტრიელებს რეალურად მეტოქეზე ინფორომაცია დაუმალა:

„ქვილითაია ავსტრიელებთან ინტერვიუში „ანორთოსისზე“ ინფორმაციას გულმოდგინედ მალავდა. არ გაამჟღავნა მისი თამაშის სტილი და თქვა, რომ ეს ახალი გუნდია“.

გიორგი ქვილითაია ვენის „რაპიდში“ ორი წელი (2016/2018) თამაშობდა, ხოლო ფამაგუსტას „ანორთოსისში“ 2020 წლიდან გამოდიოდა. ნიქოზიასაპოელში“ 2021 წლის ზაფხულში გადავიდა.