გიორგი ქვილითაია - იმედია, ირლანდიის დამარცხებას შევძლებთ
გიორგი ქვილითაია - იმედია, ირლანდიის დამარცხებას შევძლებთ

ირლანდიასთან და გიბრალტართან უახლოეს დაპირისპირებებზე კომენტარები საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა გააკეთეს.

„ირლანდია ჩვენთვის რთული მეტოქეა, ვფიქრობ, დადგა დრო, რომ ირლანდიის წინააღმდეგ წარმატებით ვითამაშოთ და გულშემატკივარი გავახაროთ. ორი მნიშვნელოვანი თამაში გველის, ჩვენი სურვილია, რომ მიმდინარე წლის ბოლო საშინაო მატჩი სასურველი შედეგით დავასრულოთ. მსურს, რომ გულშემატკივარს მოვუწოდო მოვიდნენ სტადიონზე და მხარი დაგვიჭირონ. ეროვნული ნაკრების თითოეული ფეხბურთელისთვის მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს გიორგი აბურჯანია.

მის ოპტიმიზმს გიორგი ქვილითაიაც იზიარებს.

„ირლანდია უხერხული მეტოქეა და სამწუხაროდ, მათთან ჯერ არ მოგვიგია. წელს ბოლო საშინაო მატჩის გამართვა სწორედ მათ წინააღმდეგ გვიწევს და იმედია, რომ ირლანდიის დამარცხებას და სამი ქულის მოპოვებას ჩვენს გულშემატკივართან ერთად შევძლებთ. რაც შეეხება ჩემს სათამაშო ფორმას, საბედნიეროდ ტრავმა აღარ მაწუხებს და ოპტიმალურ ფორმასთან ახლოს ვარ. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, რომ ეროვნულ ნაკრებს ჩემი შედეგიანი თამაშით დავეხმარები“,- განაცხადა ქვილითაიამ.

12 ოქტომბერს ირლანდიასთან (17:00 საათი) და 15 ოქტომბერს გიბრალტართან (22:45 საათი) ჩვენი ეროვნული ნაკრების მატჩების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

თბილისის „დინამო არენაზე“ საქართველო-ირლანდია 12 ოქტომბერს, 17:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივარს შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ყიდვა „დინამო არენას“ სალაროებში და ინტერნეტის საშუალებით, TKT.ge-ზე შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.