გიორგი ქვილითაია - ბედნიერი ვარ, რომ ტრავმების შემდეგ ისევ გავიტანე [ვიდეო] #1TVSPORT

აპოელის“ კაპიტანს, გიორგი ქვილითაიას კვიპროსის ჩემპიონატის 26-ე ტურში „ნეა სალამინისთან“ მოგებული (3:0) მატჩის შემდეგ ტელეკომპანია „კაბლენეტმა“ ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც მან გუნდზე და საკუთარ გოლზე ისაუბრა.

„ამბობენ, რომ ჩემპიონატი იწყება, როდესაც ფინალური ექვსეულის გუნდები ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ. ეს ზუსტი ფორმულირება არ არის, მაგრამ ახლა ყველაზე რთული ეტაპი იწყება. ეს არის ფინალის ტოლფასი თამაშები და თითოეული მოგება ექვსი ქულის ტოლფასი იქნება.

ნეა სალამინისთან“ თამაში თავიდან ბოლომდე დამაჯერებლად ჩავატარეთ და გუნდმა საკუთარი ძალა აჩვენა. ჩვენ ვიცით, რა სურს ჩვენს მწვრთნელს. გვითხრა, რომ ბოლო თამაშებში პირველი ათი წუთი პრობლემური გვქონდა და ამჯერად უკეთ უნდა გვეთამაშა, დღევანდელ შეხვედრაში კარგად გამოვიყურებოდით.

რაც შეეხება გულშემატკივრებს, მათ ვეტყვი, რომ გამარჯვებულის სული იგრძნობა ტრიბუნაზეც და „აპოელის“ გასახდელშიც. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ იმ შედეგს მივიღებთ, რაზეც ყველა ვოცნებობთ. ვამაყობ, რომ ამ დიდ საფეხბურთო ოჯახს ვეკუთვნი.

სეზონი ტრავმებით დავიწყე და მთელი წლის განმავლობაში ამის გამო ბევრი აღმავლობა და ვარდნა მქონდა. რთული იყო ამ პერიოდის გადატანა, მაგრამ გუნდი ძალიან დამეხმარა, მათ შორის სამწვრთნელო შტაბიც. ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფრის შემდეგ მოედანზე და შემადგენლობაში დავუბრუნდი და ისევ გავიტანე“, – ამბობს გიორგი ქვილითაია.