გიორგი ქვილითაია - „აპოელი“ ყველა შეხვედრაში ბოლომდე იბრძოდა #1TVSPORT
„აპოლონთან“ წაგებისა (2:3) და საჩემპიონო შანსის დაკარგვის შემდეგ „აპოელის“ კაპიტანმა, გიორგი ქვილითაიამ (მან დუბლი შეასრულა) სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მიმართა.
„მსურს, ჩემი გრძნობები გაგიზიაროთ, რათა სწორად დაინახოთ ის, რაც გასახდელში ხდება. გუნდი მთელი სეზონის განმავლობაში არ ნებდებოდა და ყველას წინააღმდეგ იბრძოდა, განსაკუთრებით, რთულ მომენტებში.
მიუხედავად ბევრი პრობლემისა, უკან არასდროს დაგვიხევია. ჩვენი ერთადერთი მოტივაცია იყო „აპოელის“ სიყვარული. გუნდის, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ჩემპიონია თავისი ისტორიითა და მიზნებით.
ვამაყობ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ. როცა გუნდს ვახსენებ, ვგულისხმობ – ფეხბურთელებს, სამწვრთნელო სტაფს, სამედიცინო სტაფსა და, რა თქმა უნდა, დირექტორთა საბჭოს, რომელსაც „აპოელი“ უყვარს.
სახლში თუ გარეთ არასდროს ვყოფილვართ მარტო. ამის მიზეზი კი გულშემატკივრები ხართ, რომლებიც ჩვენთან ერთად „აპოელის“ ისტორიას წერთ.
თითოეულ თამაშში, ნებისმიერ ადგილზე, სხვადასხვა პირობებსა თუ ამინდში ყოველთვის ვგრძნობდით თქვენს მხარდაჭერას. ჩვენ კი ყველას წინააღმდეგ ვიბრძოდით, რათა თქვენ გეამაყათ.
გვჯერა, თქვენი სულისკვეთებისა და დაუღალავი თავდადების წყალობით, მარტო არ დარჩება ეს გუნდი. „აპოელის“ გულშემატკივრებო, ტრიბუნებზე ნამდვილად ჩემპიონები ხართ. „აპოელის“ ისტორია გრძელდება“, – წერს გიორგი ქვილითაია.